ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც მას სამთავრობო მესიჯები მიაწოდა, ტელევიზიის შენობაში გუშინ შედგა.
თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან გვარამიამ თავი შეიკავა. "ჯერ არ ვარ მზად ამ ადამიანის დასასახელებლად. შეხვედრა მოხდა ამ შენობაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ იმას ელოდებით, რომ ეს შეხვედრა მტკიცებულებებით და ფარული ჩანაწერებით წარიმართა, ეს ასე არ ხდება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ არ მეთქვა იყო ისიც, რომ მე ამ შეხვედრის მტკიცებულებები არ მაქვს", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, გუშინ იგი შეხვდა ადამიანს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა და გაიგო, რომ სასამართლო დღეს "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. "მითხრეს შემდეგი - არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში", - განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ შატნაჟის მიუხედავად, "რუსთავი 2"-დან გაქცევას არ აპირებს.