გია ჟორჟოლიანი მერიის სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობიდან წასვლას მენეჯმენტის სტილის შესაძლო ცვლილებას უკავშირებს

გია ჟორჟოლიანი მერიის სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობიდან წასვლას მენეჯმენტის სტილის შესაძლო ცვლილებას უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობიდან წასვლას მენეჯმენტის სტილის შესაძლო ცვლილებას უკავშირებს.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შესაძლოა, თბილისის მერიაში ხელმძღვანელობის სტილის ცვლილება განხორციელდეს და ამ ერთი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკა გარკვეული თვალსაზრისით შეიცვალოს. ჟორჟოლიანის შეფასებით, "მთლიანობაში, ინერცია არის ძალიან ძლიერი".

"ერთი რამ იკვეთება – მერიაში შესაძლოა, მენეჯმენტის, ხელმძღვანელობის სტილის ცვლილება განხორციელდეს და ამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკა გარკვეული თვალსაზრისით შეიცვალოს. საკადრო ცვლილებები შეიძლება ამას ნიშნავდეს. ამასთან, ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, ცუდად მუშაობდნენ. შესაძლოა, ეს მუშაობის სტილთან და ახალ პოლიტიკურ პრიორიტეტებთან იყოს დაკავშირებული. მთლიანობაში, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ინერცია არის ძალიან ძლიერი. პრაქტიკულად ერთი წელია, რაც თბილისის მერიამ მუშაობა დაიწყო და ეს ინერცია, ჩემი აზრით, ყველა ",-აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიღება დაიწყო, რაც იყო გადადგმული ნაბიჯი მერიის მეტი პასუხისმგებლობისაკენ.

"ვფიქრობ, ეს დადებითი ტენდენციაა. მუნიციპალიტეტებმა და განსაკუთრებით თბილისის მერიამ მეტი პასუხიმგებლობა უნდა აიღოს და არა მიადევნოს თვალი არსებულ მდგომარეობას. მათ შორის ეკონომიკაშიც უნდა აიღოს მეტი ინიციატივა. ყველაფერი ეს გულისხმობს სხვანაირ მიდგომას, პრიორიტეტების გამოკვეთას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და შესაძლოა სხვა სტილის პოლიტიკურ ხელმძვანელობას", - განაცხადა ჟორჟოლიანმა საქალაქო სამასახურებში დაწყებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თანამდებობა თბილისის საქალაქო სამსახურის რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა. ვაკანტურია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელების, აგრეთვე ვაკის გამგებლის თანამდებობები. კიდევ უფრო ადრე თანამდებობიდან წავიდა ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, რომლის შემცვლელიც ჯერ არ დანიშნულა.