"მოდულის" შენობასთან ავარიის შედეგად სუს-ის რამდენიმე ავტომანქანა დაიმტვრა

ე.წ. მოდულის შენობასთან გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა იჯდა, "მოდულის" შენობასთან გაჩერებულ სუს-ის ავტომანქანებს შეეჯახა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მოსრიალდა და "მოდულის" შენობასთან გაჩერებულ სამ ავტომანქანას დაეჯახა. შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა პირმა, რომლებსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაზიანდა "მოდულთან" გაჩერებული 3 ავტომანქანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოტრანსპორტის ექსპლუარტაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.