”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს – ასე აფასებს ეკონომისტი რომან გოცირიძე "ყაზტრანსგაზის" პოზიციას, რომლის თანახმად კომპანიამ ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რომან გოცირიძე წერს:
”ყაზტრანსგაზი”მთავრობას აშანტაჟებს. თუ არ დამაბრუნებთ მართვაში, გიჩივლებთ და განხორციელებულ ინვესტიციებს უკან წავიღებო. არადა 80 მილიონი დაუგროვდა ვალი. იყიდა ქვეყნის კუთვნილი გაზი. ფული არ გადაიხადა. ამონაგები ინვესტიციებად გამოიყენა (ესეც საკითხავია, თუ რამდენი) და ახლა ამბობს, ჩემს ინვესტიციებს წავიღებო.
ჯერ ვალი დააბრუნოს და მერე იქონიოს პრეტენზიები.
შეიძლება ეს მთავრობაში ვიღაცეებთან შეთანხმებითაც კეთდება. ვითომ სასამართლოს შიშით მთავრობა კომპრომისზე წავა. მერე კი ყაზახები ადგებიან და გაყიდიან. რუსებზე და მათ აქაურ მეგობრებზე, რა თქმა უნდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან დაიწერა ყაზახურ პრესაში, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის დროს.
მოკლედ, ყაზახები ვალების სარფიანად რესტრუქტურიზაციას ითხოვენ და ემზადებიან გასასვლელად აქაურების ფარული მხარდაჭერით.
ასეთი ვითარებაა ”ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში, რომელიც კახეთისა და თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის გარდა ყველაფერს ფლობს და ათამდე ელექტროსადგურის მესაკუთრეცაა.“
ყაზახურ მედიაში გუშინ გავრცელდა „ყაზტრანსგაზის“ განცხადება, რომლის თანახმად, 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა "ყაზტრანგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
"ყაზტრანსგაზში" იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და მოითხოვს არამხოლოდ "ყაზტრანგაზ-თბილისზე" კონტროლის დაბრუნებას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც, არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა. კომპანიაში აცხადებენ, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.