საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემია გაიხსნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას" 50 წლიანი ვადით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №105 ა-ში მდებარე, 2600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (საერთო ფართობი 7956 კვ.მ), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა.
პირობების მიხედვით, „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია" ვალდებულია, სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების სპორტის სახეობის - კალათბურთის პროფილით გამოიყენოს და მისი შემდგომი განვითარება უზრუნველყოს. ინვესტორი ვალდებულება ხდება ასევე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ, არანაკლებ 1 თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი, 15 ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარება უზრუნველყოს.
მთავრობასა და „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას" შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ჩაიწერება ასევე ისიც, რომ ფართი მთლიანად გამოყენებული იქნება სპორტული დანიშნულებით და საჭიროების შემთხვევაში თავად „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია" უზრუნველყოფს მის სარემონტო სამუშაოებს.
სპორტულ კომპლექსში ა(ა)იპ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, ქალთა და ვაჟთა საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისათვის, უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა მოხდება, ხოლო მომსახურების მსურველთათვის ხელმისაწვდომი ფასები დაწესდება.
ახალგაზრდა სპორტსმენთა მოსამზადებლად გადასახადის განსაზღვრისას აკადემიას სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის - კალათბურთის ხელმისაწვდომობისა და მასობრიობის კომპონენტის გათვალისწინება დაევალა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, რომ ზაზა ფაჩულია საქართველოში კიდევ ერთ ბიზნესსაქმიანობას იწყებს. ფაჩულიას სპორტული კლუბების ამერიკული ბრენდი Snap Fitess-ი შემოჰყავს.
როგორც ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში განმარტავენ, მსოფლიოში წამყვანმა კომპანიამ სპორტული კლუბების სფეროში მასტერ ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა ზაზა ფაჩულიასა და მის პარტნიორებთან. შეთანხმების შედეგად, ნოემბრის დასაწყისში თბილისში მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო დარბაზი გაიხსნება. ამერიკელ და ქართველ პარტნიორებს შორის შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, 18 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კიდევ 9 კლუბი გაიხსნება.
"პრაიმნიუს ჯორჯია"