„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი ძალოვანი უწყებების ხელმძთვანელებს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ უწყებებში დესტრუქციული ძალების დასაყრდენები ჯერ კიდევ რჩებიან.
ირაკლი ბათიაშვილი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა სტრუქტურაში ბევრი არასაიმედო თანამშრომელი იყოს.
„თუ კი არსებობენ დესქტრუქციული ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ, მათ გათვლა იმაზეც აქვთ, რომ ფარული დასაყრდენები ძალოვან სტრუქტურებში ჰყავთ, ეს ძალიან ბევრმა კარგად იცის. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უმძიმეს დავალებებს და დაკვეთებს ასრულებდნენ და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, ასეთი ადამიანები, სოდ-ში და კუდ-ში საკმაოდ არიან დღეს. ძალოვანი სამსახურების უფროსებზე უნდობლობას არ გამოვთქვამ, ვიცი, რომ ისინი ნამდვილად საიმედონი არიან დღევანდელი ხელისუფლების, მაგრამ შიგნით რეალურად ვინ ვინ არის, კრიტიკულ მომენტში ვინ საით გადაიხრება, ესაა სერიოზული პრობლემა, ამიტომ არხეინად ყოფნა არაფრით არ შეიძლება. საჭიროა სერიზული მზადყოფნა, რაც ეხება ასეთ საფრთხეებს, რაზეც მე ვისაუბრე“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, შესაძლოა დეზინფორმაცია იყოს, თუმცა უნდა გადამოწმდეს.
„სამწუხაროდ, ტერორიზმი საქართველოსთვის უცხო არაა, შესაძლოა ეს ყველაფერი დეზინფორმაცია იყოს, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის დეზინფორმაცია, მაგრამ როცა ვრცელდება ის უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა ბათიაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში.