ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას მოუთმენლად ელის.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა გენ. მდივანს საქართველოსთან დაკავშირებულ უახლოეს გეგმებზე დაუსვა კითხვა.
იენს სტოლტენბერგმა საქართველო ნატო-ს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მოიხსენია.
„საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია. მე ახლახან ვეწვიე საქართველოს და გავხსენით ახალი სასწავლო ცენტრი. იგი ნაწილია არსებითი პაკეტისა, რომელიც ჩვენ ქართველებთან ერთად შევიმუშავეთ. ჩვენ ხუთშაბათს გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს და ესეც არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი კომპონენტი. ასე, რომ მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს არის ნატო-სა და საქართველოს შორის მზარდი თანამშრომლობის შემადგენელი კომპონენტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივანი მიმდინარე კვირას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს - საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.