როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს ორი დელეგაციის ვიზიტს, საელჩოს მოქნილობა იმაშია, რომ შეკითხვები არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს

როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს ორი დელეგაციის ვიზიტს, საელჩოს მოქნილობა იმაშია, რომ შეკითხვები არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტში საქართველოს ელჩის მონაწილეობის მიუღებლობას საელჩოს მუშაობის ლაფსუსად აფასებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კვაჭანტირაძემ განუცხადა, პროტოკოლი ისე უნდა გაწერილიყო, არავის არც წყენა ჰქონოდა და არც კითხვები გასჩენოდა.

"როდესაც წინასწარ ვიცით, რომ ადგილი აქვს ქვეყანაში ორი დელეგაციის ერთდროულ ვიზიტს - თან ასეთი მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტს, დიპლომატიურობა, საელჩოს მოქნილობა, პროფესიონალზმი სწორედ იმაში უნდა გამოვლინდეს და პროტოკოლი ისე უნდა დალაგდეს, რომ შეკითხვები არც ერთ მხარეს არ გაუჩნდეს. ანალოგიურ სიტუაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ ჩავარდნილიყო, მასაც ანალოგიური კითხვები გაუჩნდებოდა. ამიტომ საელჩოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღება და მონდომება იყო გამოსაჩენი, რომ მსგავსი კითხვები საქართველოს პრეზიდენტს არ გასჩენოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" აშშ-ში საქართველოს ელჩზე, არჩილ გეგეშიძეზე საუბრის კონტექსტში გააკეთა, რომელიც, როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.