ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა. როგორც სააგენტო "იტარ-ტასი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქმე ეხება იმ გამოძიებას, რომელიც რუსულმა მხარემ ომის შემდგომ, "საქართველოს სამხედრო დანაშაულის გამოსაიძებლად ჩაატარა".
"ჩვენ ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას. ქართველი სამხედროების ქმედებებს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მივეცით. 3 დღის წინ ჰააგიდან წერილი მივიღეთ, სადაც, როგორც იქნა, მასალების წარდგენა გვთხოვეს", - განაცხადა ბასტრიკინმა.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს წერილი შესაძლოა, "სანქცია" იყოს, რადგან ქართული მხარე კონტრარგუმენტებს წარადგენს და რუსეთს აგრესიაში კვლავ დაადანაშაულებენ.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე "გენოციდის, ასევე ომის აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით წარმოებითა და დამქირავებელთა მონაწილეობით, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მვკელობის ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრა.