დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩთან დაკავშირებული საკითხის "საჯაროდ გამოტანით" საგარეო არენაზე ქვეყნის იმიჯი დაზიანდა.
როგორც ზაალ ანჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უპრიანი იქნებოდა, პრეზიდენტს აღნიშნული საკითხი პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციით გაერკვია.
"ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ამ საკითხებზე საუბარი პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიდრე საჯარო განსახილველად გამოიტანდა. ალბათ უპრიანი იქნებოდა, ეს საკითხი ჯერ უშუალოდ პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციით გარკვეულიყო და თუკი ამ კომუნიკაციის პროცესში ვერ იქნებოდა მიღწეული ურთიერთგაგება, შემდეგ ესაუბრა საჯაროდ, რადგან პრეზიდენტის განცხადებები, მარტო ადგილობრივი აუდიტორიისთვის არ არის განკუთვნილი და მის ნებისმიერ საჯარო განცხადებას ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო დონეზეც. შესაბამისად, როდესაც ირკვევა, რომ არ არის ფუნქციები გამიჯნული პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ელჩი ობსტრუქციას უწყობს ქვეყნის პირველ პირს და ა.შ, ეს საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს ჩვენს სახელმწიფოს, ანუ ამით, როგორც მინიმუმ საქართველოს იმიჯი დაზიანდა საგარეო არენაზე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმ პოზიციას, რომ საქართველო აშშ-ს რადარებიდან გაქრა, ექსპერტის აზრით, ეს იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში მეტ-ნაკლები სტაბილურობაა.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ რადარზე ესა თუ ის სახელმწიფო ჩნდება იმ პრობლემატიკის პრიორიტეტულობის მიხედვით, რომელიც პრიორიტეტულია თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - საქართველო ჩანდა ამერიკის შეერთებული შტატების რადარზე, როცა აქ იყო არეული სიტუაცია, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის შემდგომ წლებში. მაშინ აშშ-ის ოფიციალური პირები: პრეზიდენტიდან დაწყებული, დაბალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკებით დამთავრებული, რუსეთთან დიალოგში ყოველთვის აფიქსირებდნენ იმას, რომ საქართველო რჩება ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საგნად, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დღეს კონფლიქტის ზონაში, უკვე მესამე თუ მეოთხე წელია, პრაქტიკულად სიმშვიდეა, არანაირი სერიოზული ინცინდენტები არ ხდება, საქართველომ ავად თუ კარგად მაინც დაიწყო დიალოგი რუსეთთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის დონემ დაიწია, ამის ფონზე კი წინ უკრაინის, სირიის, ახლო აღმოსავლეთის და სხვა პრობლემატიკამ წამოიწია, საქართველოს საკითხმა ბუნებრივად გადაინაცვლა უკანა პლანზე და ის ისე აქტიურად არ ჩანს. აი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ ჩანს საქართველო ასე აქტიურად აშშ-ს რადარებზე, როგორც ეს იყო ადრე. რადარზე ჩანს ის ქვეყანა, სადაც ამჟამად არის ყველაზე ცხელი სიტუაცია.
წინა ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა იმისთვის, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის რადარებზე გამოჩენილიყო როგორც კონფლიქტებით დახუნძული და სახიფათო ზონის ქვეყანა, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ საქართველო უნდა ჩანდეს აშშ-ის რადარებზე, უნდა ჩანდეს როგორც სტაბილური, მშვიდი ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ინვესტიციების ჩადება, ბიზნესის კეთება და არა ქვეყანა, სადაც კონფლიქტები ღვივის და აგრესიის საფრთხე არსებობს", - განმარტა ექსპერტმა.