საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კავირიკაშვილი, ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უკეთესი კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა, ის პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძეს შეხვდა და პრეზიდენტის ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებით დახმარება აღუთქვა, თუმცა, უარი მიიღო. მისი თქმით, კარგი იქნებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტის ვიზიტის დროს ვაშინგტონში ყოფილიყო.
„პრემიერის და პრეზიდენტის ვიზიტები იყო ძალიან წარმატებული. ეს იყო ძალიან სასარგებლო ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია. ჩემი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძესთან და მას შევთავაზე, რომ ცალკე ვიზიტის დაგეგმვა მომხდარიყო და დახმარება და მხარდაჭერა აღვუთქვი. დავპირდი, რომ კარგ წარმომადგენლობით ოფიციალურ ვიზიტს გავუკეთებდი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და იმ მოცემულობაში, რაც მოხდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში ვაშინგტონში ყოფილიყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის უკეთესი კომუნიკაცია იყოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯების დაგეგმვისას.
„პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან გამომდინარე, რომელიც გაერო-ს ფორმატის მიღმა იყო, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების დროს, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით გადაწყდა, რომ ელჩი ნიუ-იორკში დარჩენილიყო. ამაში უკანონობის დანახვა ზედმეტია. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხზე გვიწევს კომენტარების გაკეთება, მიმაჩნია, რომ ეს არის ცუდი და რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნაბიჯების დაგეგმვისას, სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, აშშ-ში საქართველოს ელჩი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი არ დახვედრით არჩილ გეგეშიძემ მთელი რიგი კანონმდებლობის ნორმები დაარღვია. პრეზიდენტმა, საგარეო უწყებას მოუწოდა, კანონდამრღვევ ელჩებს დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს.