არ ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე ვინმე საქართველოს ან უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას უნდა ელოდეს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატო-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.
"რაც შეეხება საქართველოს ან უკრაინას, არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე მათთვის MAP-ის მინიჭებას ვინმე შეიძლება ელოდეს. თუმცა, რაც უნდა ვნახოთ, ეს არის ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-უკრაინის კომისიის საშუალებით პარტნიორობის გაგრძელება, რაც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიც არის უსაფრთხოების სექტორი, წვრთნების და დაგეგმარების ყოველწლიური ეროვნული გეგმა. საქართველოს ადგილას ვეცდებოდი ნატოსთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, რათა ნატო-სა თუ ევროკავშირში გაფართოების შემთხვევაში ვითარების შეცვლისთვის საქართველო მზად იყოს", - განაცხადა ვოლკერმა.
ვოლკერი ასევე გამოეხმაურა გიგი უგულავას საქმეს. მისი თქმით, გიგი უგულავასთან დაკავშირებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე კანონის უზენაესობასთან არის.
"რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლოს საქმეს, როცა მან წინასწარ პატიმრობაში 14 თვე გაატარა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის გაათავისუფლეს და 24 საათის განმავლობაში ისევ დამნაშავედ ცნეს, საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობასთან. ამ მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს", - აღნიშნა ვოლკერმა.