5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საზეიმო მიღება გამართა.

ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ პედაგოგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ საიკიძემ, სამ დამსახურებულ მასწავლებელს, სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა. სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, მინისტრთან ერთად, ცენტრის მიზნობრივი პროგრამების მონაწილე მასწავლებლები და დამსახურებული, ასაკოვანი პედაგოგები დააჯილდოვა. აღნიშნულ 12 მასწავლებელს, ცენტრის სახელით, მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაჯილდოვდა, ასევე, რვა მასწავლებელი, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლიან.

ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გენერალური დირექტორი მაგდა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.