არჩილ გეგეშიძე - მე ვმოქმედებდი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა

არჩილ გეგეშიძე - მე ვმოქმედებდი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პერიოდში აშშ-ში აკრედიტებული დიპკორპუსი, ჩემი კოლეგები, ნიუ-იორკში არიან თავიანთი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელების გვერდით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ განუცხადა. 
არჩილ გეგეშიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ქვეყნის პირველი პირი საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა ვაშინგტონში წარმატებით ჩაიარა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის მზადების პროცესში, ისევე როგორც მის განხორციელებაში, საქართველოს საელჩო ჩემი ხელმძღვანელობით აქტიურად იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ბოლოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა და მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისთვის. ამავდროულად, მე გახლდით 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ნიუ-იორკში ჩამოსული ოფიციალური დელეგაციის წევრი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში გაიმართა, როგორც უმაღლესი დონის სამიტები, ისე მრავალი შეხვედრა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან. ამ პერიოდში ნიუ იორკი მსოფლიო პოლიტიკის ერთგვარი ეპიცენტრს წარმოადგენს. აქ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ლამის მთელი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მე მევალებოდა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ხსენებულ ღონისძიებებში მონაწილეობა. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ორმხრივ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა აშშ-ის მხარესთან, ასევე იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელთა დიპლომატიური გადაფარვა ხდება აშშ-დან. და საერთოდაც, გაეროს გენერალური ასამბლეის პერიოდში აშშ-ში აკრედიტებული დიპკორპუსი, ჩემი კოლეგები, ნიუ იორკში არიან თავიანთი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელების გვერდით. ასე იყო ყველა ჩემი წინამორბედის შემთხვევაშიც. ეს მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან ასე ითხოვს საქმე",- აღნიშნა გეგეშიძემ. 
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტის ვაშიგტონში ვიზიტში. 
"სამართლებრივი კუთხით თუ ვისაუბრებთ, მე ვმოქმედებდი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი, ასევე ვხელმძღვანელობდი საქართველოს კანონით დიპლომატიური სამსახურის შესახებ. დამატებით აღვნიშნავ, რომ ელჩისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უფლება-მოვალეობები დაწვრილებით არის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის დადგენილებაში "ოფიციალური შეხვედრების (ვიზიტების) განხორციელებისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებაში "საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ". ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინარულ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება, ერთის მხრივ, ოფიციალური დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ-იორკში ყოფნა პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა", - განაცხადა დიპლომატმა. 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ურჩია, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" აშშ-ში საქართველოს ელჩზე, არჩილ გეგეშიძეზე საუბრის კონტექსტში გააკეთა, რომელიც, როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.