საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ორი დელეგაციის ერთდროულად ვიზიტის პირობებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ და ამჯერად მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი პრემიერთან იყო.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განცხადების კომენტირებისას მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"მე პროტოკოლში ჩახედული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ორი დელეგაციის ერთდროული ვიზიტის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ. ამჯერად მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი იყო პრემიერთან და საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები - პრეზიდენტთან. ცხადია, რომ ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება იმას, არის თუ აქტუალური საქართველო შეერთებული შტატებისთვის, სერგეენკო აცხადებს, რომ იმ მიმართულებით, რაზეც ის არის პასუხისმგებელი - ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, საქართველოსა და ამერიკას შორის არამცთუ აქტუალური, არამედ მზარდი ურთიერთობებია.
"შემიძლია, ეს ფაქტი ცალსახად დაგიდასტუროთ და ჩამოვთვალო არაერთი პროექტი, რომელიც ამერიკის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მე მგონი, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მათგანიც, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასახელება. ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ მსგავსი ათეულობით პროექტი ხორციელდება. შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული და მზარდია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ურჩია, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა გადაცემა "არჩევანში" აშშ-ში საქართველოს ელჩზე, არჩილ გეგეშიძეზე საუბრის კონტექსტში გააკეთა, რომელიც, როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილის ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.