პოლიტიკოსების საქმე არ არის ფეხბურთის დაგეგმვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში", ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები პროცედურულად არ იყო სამაგალითო.
"მე არ გამომითქვამს ჩემი პოზიცია არც ერთი კანდიდატის მიმართ და ეს იყო გაკეთებული აბსოლუტურად გააზრებულად, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების საქმე არ არის ფეხბურთის დაგეგმვა. ფეხბურთის ფედერაცია, მისი მომავალი, გეგმები არის ფედერაციის, ფეხბურთელების, ამ სფეროს ექსერტების საქმე. აქედან გამომდინარე, მე არ გამიკეთებია კომენტარი არც ერთ კანდიდატზე. დღესაც მინდა გითხრათ, რომ არანაირი დამოკიდებულება კანდიდატების მიმართ არ მინდა დავაფიქსირო, თუმცა მე ვნახე ქართული საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება არა კონკრეტულად რომელიმე კანდიდატის, არამედ პროცესის მიმართ. დავინახეთ რომ დაისვა კითხვები. რომ შევაჯამო – ეს არჩევნები არ იყო პროცედურულად სამაგალითო და ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო არჩევნები, როგორის ჩატარებასაც ვისურვებდით", - განაცხადა გიორგ მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნების გათვალისწინებით, რამდენად დემოკრატიული შეიძლება იყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ქვეყნის პირველმა პირმა წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები ის მონაპოვარია, რომელიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას.
"ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ამოცანაა, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ ძალას მივეკუთვნებით, რომელი პოლიტიკისი მოგვწონს, დავიცვათ დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი – იქნება ეს მედია, სასამართლო თუ არჩევნები. ეს ვალდებულება არის არა თეორიული, არამედ ვალდებულება, რომლის ხარჯზეც ვარსებობთ და ვფუნქციონირებთ, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო. თუ ამ ვალდებულებას, ამ ღირებულებას არ დაიცავთ, არც ერთ ქვეყანაში არ იქნება მედია თავისუფალი და არ ჩატარდება არჩევნები სუფთად. ყველა მოქალაქის მონაწილეობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ამას ჰქვია დემოკრატია – დემოკრატია მარტო ის არ არის, რომ თქვენ მოგდით ფურცელი, რომელზეც უნდა შემოხაზოთ კანდიდატი, დემოკრატია არის თქვენს აქტიურ პოზიციაში, რომ ასე გააკეთეთ. როგორც ქვეყნის მოქალაქე და პრეზიდენტი მუდმივად ვიქნები ამ ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დიდი ღირებულება და წარმატება, რომელიც მთელმა საზოგადოებამ განვიცადეთ, როცა ხელისუფლება შევცვალეთ არჩევების გზით, თითოეული ქართველი ამას დაიცავს და მეც მათ შორის", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.