გიორგი მარგველაშვილი - ჩემს შემთხვევაში არაფორმალური მმართველობა არ ხორციელდება

გიორგი მარგველაშვილი - ჩემს შემთხვევაში არაფორმალური მმართველობა არ ხორციელდება

ჩემს შემთხვევაში არაფორმალური მმართველობა არ ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" შესაბამის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
რაც შეეხება "სხვა შემთხვევებს", ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ამის თაობაზე სმენია, თუმცა "საბუთი არ აქვს". ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი ქვეყანა არაფორმალურად იმართება, პასუხისმგებლობა მაინც იმ თანამდებობის პირზეა, რომელიც "ფიქრობს ერთს და აკეთებს მეორეს".
"ბუნებრივია, ეს თემა ხშირად არის ხოლმე წამოწეული პოლიტიკურ დისკუსიებში. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს შემთხვევაში ასეთი მმართველობა არ ხორციელდება. სხვა შემთხვევებში, რომლის თაობაზეც მსმენია, მე ამის საბუთი არ მაქვს.
მინდა გითხრათ შემდეგი: თუ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არა თავისი შეხედულებებიდან, არა თავისი შინაგანი რწმენიდან, არა იქიდან გამომდინარე, რაც თვითონ მიაჩნია სწორად, არამედ რაღაც სხვა მიზეზებით, ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტა თავად ამ ადამიანებში უნდა ვეძიოთ, თუკი არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ "ასე სწამთ", მაგრამ რა ქნან, "სხვანაირად უნდა გააკეთონ". პასუხისმგებლები არიან სწორედ ეს ადამიანები, რადგან კონსტიტუციით, ისინი იმყოფებიან მაღალ თანამდებობებზე. დამნაშავე არის ის ადამიანი, რომელსაც სჯერა ერთის და აკეთებს მეორეს. პასუხისმგებელია ის ადამიანი, რომელიც თავის ძალიან მაღალ თანამდებობას პატივს არ სცემს, ისევე როგორც, პატივს არ სცემს იმას, რომ ხალხმა აირჩია, მისცა მანდატი და სხვათა შორის ოცნებაც. მე მართლა გულწრფელად მგონია, რომ თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, ერის, ისტორიის წინაშე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ "ზოგ შემთხვევაში არანაირი არაფორმალიზმი არ არსებობს და არსებობს სურვილი, რომ საკუთარი შეცდომა ვინმე სხვას გადააბრალო".