მე პირადად მხარს ვუჭერ იმას, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროცესში ოპოზიციის ხმა იყოს გაგონილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში", შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, უკეთესი საარჩევნო სისტემის მისაღებად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ითანამშრომლოს.
"რას ვამბობდით არჩევნების წინ?! - საარჩევნო პროგრამა ამის მარტივი დასტურია. არჩევნების წინ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლიდით უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით. "უფრო სამართლიანად" პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საჭიროდ მიაჩნიათ მაჟორიტარული სისტემის შეცვლა და ეს გასათვალისწინებელია პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.
როდესაც მე ვნახე, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, მე მაშინვე გავაკეთე განცხადება და მას ნათლად მოვუწოდე, რომ ეს საკითხი განხილულიყო იმ ორგანოში, რომელიც ამ მიზნისთვის შეიქმნა და სხვათა შორის ამ ხელისუფლების მიერ – ეს არის საკონსტიტუციო კომისია, სადაც ყველა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. სწორედ იქ უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, უმრავლესობის მიერვე შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას აექცა გვერდი და პირდაპირ პარლამენტში მოხდა ამ წინადადების ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში ხელისუფლებამ და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ითანამშრომლოს და ისე მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, თუ რა ფორმით ჩატარდება არჩევნები. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნები ტარდება არა უმრავლესობისთვის, ან თუნდაც ძლიერი ოპოზიციისთვის, არამედ არჩევნები ტარდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება, ავირჩიო ხელისუფლება. ეს არის ჩემი და თქვენი უფლება განვსაზღვროთ, ვინ იქნება მომავალი უმრავლესობა პარლამენტში, ვინ იქნება მომავალი მინისტრი და ა.შ.
მე პირდად ვუჭერ მხარს, რომ ოპოზიციის ხმა იქნას გაგონილი და ოპოზიციამ უმრავლესობასთან ინტენსიური დიალოგით ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა "სწორი და სამართლიანი" მხოლოდ უმრავლესობის შეფასებით არ უნდა იყოს.
"არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ამ მიმართულებით წინ ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. ამ მონაპოვარში რწმენა უნდა გაღრმავდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამომრჩეველს გაუჩნდა იმის განცდა, რომ მისი ხმა არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებით შეიძლება შეცვალო ხელისუფლება. ახლა კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ეს პროცესი. ის, რანაირადაც ჩატარდება მომავალი არჩევნები, არ უნდა იყოს სწორი და სამართლიანი მარტო უმრავლესობის თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს გაზიარებული და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.