იყო ართი ჭკვერი ბოში (მესამე ნაწილი)

იყო ართი ჭკვერი ბოში (მესამე ნაწილი)

1905 წლის აპრილის დასაწყისში, ბაქოს ტაგიევის ციხის საკანში მყოფი, კავკასიური გარეგნობის მქონე პატიმარი ცხაურთან მივიდა და მუშტით ენერგიულად დააბრახუნა. ლოთობისგან ცხვირდაწითლებულმა და თამბაქოსგან ულვაშებგაყვითლებულმა სართულის ზედამხედველმა ზანტად გამოაღო “კარმუშკა”.

- ჩევო ტებე?
- ხოჩეშ ეშჩო ზარაბოტატ ტრი რუბლია? - ჰკითხა პატიმარმა.
ზედამხედველმა მიიხედ-მოიხედა და ხმადაბლა უთხრა:
- ეშჩო სპრაშივაეშ... ა, ჩტო?
- ვოტ ტებე პისმო, პოსლე სმენი ბროსაი ვ პოჩტოვიი იაშიკ. ეტო ვსიო, ჩტო ტებე პოლაგაეტსია.
ამგვარ საქმეებში კარგად გაჩითული ზედამხედველი მიხვდა, რომ წერილს პატიმრისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და შეევაჭრა.
- მალო. პისმო-ტა ტიაჟელოე. დაი პიატ რუბლეი, და ეშჩო პოლტინნიკ დლია ვოდკი!
- ლადნო, დამ, ტოლკო პატომ. სნაჩალა ბროსაი პისმო!”

ვინ იცის, იქნებ, მართლა შედგა ასეთი საუბარი ზედამხედველსა და პატიმარს შორის, ან, თუ შედგა, ზუსტად მოვახდინეთ თუ არა მისი რეკონსტრუქცია? კაცმა რომ თქვას, ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ ლოთბაზარა რუსმა დავალება პირნათლად შეასრულა და კონვერტი ყუთში ჩაუშვა. წერილმა, ათასობით მისი მსგავსი გზავნილის მსგავსად, თანმიმდევრულად გაიარა ყველა ეტაპი და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ტაგიევის ციხეში დაბრუნდა, ოღონდ არა კავკასიური გარეგნობის პატიმრის საკანში, არამედ საპყრიბილეს უფროსის კაბინეტში.

თავი დავანებოთ იმის აღწერას, როგორი მოწიწებით აიღო მრავლის მომსწრე და მნახველმა ჩინოვნიკმა საფოსტო გზავნილი (მოწიწების ხარისხი პირდაპირპროპორციულად იყო დამოკიდებული კონვერტზე დაფიქსირებული გამომგზავნი ინსტანციის კოორდინატებზე), მოწიწებით წააჭრა თავი საკანცელარიო მაკრატლით, ფრთხილად ამოიღო წერილი, წაიკითხა, წარბები ასწია და მარჯვენა ხელით ისე მოიძია მაგიდაზე დადებული პატარა ზანზალაკი, ქაღალდისთვის თვალი არ მოუშორებია.

ზარის წკარუნზე კაბინეტში თანაშემწე შევიდა.

ნახევარი საათის შემდეგ კი კავკასიური გარეგნობის პატიმრის საკნის “კარმუშკა” კიდევ ერთხელ გაიღო და ზედამხედველმა გაბმული, მონოტონური ხმით დაიძახა:
- ზაკლუჩონნი, ს ვეშჩამიი!

+ + +

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ კავკასიური გარეგნობის მქონე პატიმარი სოლომონ აშორდია იყო. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ბათუმის ბულვართან ზღვაში ჩაძირული გვაძას პირმშო აფშერონზე, რომელი საქმეების მოკვარახჭინებისთვის ჩასვეს ციხეში და რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება?

აშორდიას მარშრუტისთვის თვალის ზუსტად მიდევნება ძნელი და უპერსპექტივო საქმეა, რადგან იგი ისე ხლართავდა კვალს, ხანდახან თვითონაც ავიწყდებოდა, სად იყო და რას საქმიანობდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ბათუმის მახლობლად გამოცურა ზღვიდან (მეორე ცნობით, ტრაპიზონში გადავიდა), ტანსაცმელი გამოიცვალა, სამოსთან ერთად - წინასწარ მომზადებული პასპორტიც, და შუა აზიაში ამოჰყო თავი.

სასამართლოს მასალებში არაფერია ნათქვამი და ძნელია დაბეჯითებით იმის თქმა, რას თაღლით-ჩალიჩობდა დიდი კომბინატორი სირდარია-ამუდარიის შუამდინარეთში. ყოველ შემთხვევაში, გვაძას ყმაწვილი კანონის მოთხოვნებით რომ არ დაიარტახებდა თავს - ცხადია. არსებობს ბუნდოვანი ცნობა იმის შესახებ, რომ მას დაპატიმრებას უპირებდნენ და სწორედ იმ დროს დაითესა, როცა პოლიციელები სასტუმროში მიადგნენ ნომრის გასაჩხრეკად. თუმცა, ფორტუნამ აქაც გაუღიმა ბედის ნებიერ ყმაწვილს (იგი ამ დროს 28 წლის იყო) და მეორე გასასვლელიდან დაუსხლტა მის კვალზე დაგეშილ მაძებრებს. ამის შემდეგ მას უკვე ბაქოში ვხედავთ.

სამართალდამცველთა ყურადღების არეალში მოხვედრილი თაღლითი ქამელეონივით იცვლიდა ფერს, გარეგნობას და ვინაობასაც, ხან კავკასიური ჩოხით დადიოდა, ხან - ცილინდრით და ევროპული სამოსით. ეშმაკმა უწყის, რამდენი პასპორტი გამოიცვალა ბათუმიდან გაუჩინარების შემდეგ. სასამართლოს მასალებში მხოლოდ რამდენიმეს შესახებაა შემონახული ინფორმაცია. ჯერ ჯამბატოვი იყო, მერე ზედგინიძედ გადაიქცა, ცოტა მოგვიანებით კი - ანანიევად. მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა წარმოდგენა. ზოგისთვის, ეს კეხიანი ცხვირისა და არწივისებური გამოხედვის მქონე ყმაწვილი ჟანდარმერიის როტმისტრი იყო, ზოგი მას პოდ თუ უ-პოდ პორუჩიკად იცნობდა. რაც მთავარია, ყველა ხვდებოდა, რომ ეს ზედგინიძე-ანანიევ-ჯამბატოვი ძალიან საჭირო კაცი გახლდათ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა წრეში ტრიალებდა და დიდი საქმეების მოკვარახჭინებით იყო დაკავებული.

დაპატიმრებამდე აშორდიას მიერ ბაქოში გაიმასქნებულებიდან ვინმე ბენდიანის მემკვიდრეობის საქმე ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა და პრესის გამოხმაურებაც გამოიწვია. ეს ისტორია რაღაცით, აგერ, ჩვენს თვალწინ გათამაშებულ ქეი-პატარკაციშვილების დაპირისპირებას წააგავს, რომლის მიზანი უდროოდ დაღუპული ბიზნესმენის მიერ დატოვებული მილიარდების დაპატრონებაა.

ეს ბენდიანი ცნობილი მილიონერი იყო და ფულს ნავთობიდან აკეთებდა, თუმცა, იმპერატორ ვესპასიანეს ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, მის ასიგნაციებს ნავთის სუნი ნამდვილად არ ასდიოდა. ცხონებული პატარკაციშვილის მსგავსად, ისიც დიდხანს აპირებდა ცხოვრებით ტკბობას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მიქელ-გაბრიელმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიუკაკუნა. მოხდა ის, რაც ხშირად ხდება მსგავს სიტუაციებში. კაცი ჯერ ხეირიანად გაციებული არ იყო, რომ მისი ქონების დასაკუთრებისთვის, ლამის, ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთი შორეული ნათესავი გამოვიდა, რომელმაც ქალაქ აბხადის სასამართლოში განსვენებულის ანდერძი და მემკვიდრედ აღიარების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები წარადგინა. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული გულისყურით შეისწავლა საკითხი, ექსპერტები მოიწვია, ანდერძი და ბენდიანის ხელრთვა, ლამის, მიკროსკოპში გასინჯა და მისი ნამდვილობა დაადასტურა. თუმცა, სხვა მემკვიდრეები ბედს არ შეურიგდნენ და ისევ სასამართლოს მიმართეს - ანდერძი ნამდვილი არ არისო.

მოგვიანებით, მართლაც გამოირკვა, რომ “კანონიერ” მემკვიდრეს მთელი დოკუმენტაცია გაყალბებული ჰქონდა. მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ მას ამ საქმეში ვინმე ჯამბატოვი დაეხმარა და ამისათვის ფრიად მოკრძალებულ ჰონორარს - სულ რაღაც 10 000 მანეთს დასჯერდა. სწორედ ბენდიანის საქმის გამოაშკარავების გამო გახდა იძულებული აშორდია-ჯამბატოვი ზედგინიძე-ანანიევად გარდასახულიყო და ბაქოდან ირანში განიზრახა გაპარვა, მაგრამ კვალში ჩამდგარი პოლიციის ფხიზელ მაძევრებს ვეღარ დაუსხლტა და აზერბაიჯანის დედაქალაქში გემზე როტმისტრ ზედგინიძის გვარით ასული მგზავრი ლენქორანში პოდპორუჩიკ ანანიევის პასპორტით დააკავეს. წინასწარი მოკვლევის დასრულებამდე გვაძას ვაჟკაცი ბაქოში დააბრუნეს და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტაგიევის ციხეში მოათავსეს.

დანარჩენი თქვენ უკვე იცით, უფრო სწორად, თითქმის იცით. იცით, რომ აშორდია ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ როგორ, რა მოტივით? ნუთუ, ბენდიანის მემკვიდრეობის სკანდალში მისი მონაწილეობა არ დადასტურდა? ან, იქნებ, გვაძას სახელოვან ბოშს ვინმე გავლენიანი მფარველი გამოუჩნდა?

+ + +

წინასწარი ძიების პროცესში სოლომონი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიცმეისტერის თანაშემწე გრეჩკინთან დაკითხვაზე. გაქნილმა კვაჭმა სცადა, ჩვეულებისამებრ, გზა-კვალი აერია გამომძიებლისთვის და საამისოდ მთელი თაღლითური არსენალი აამოქმედა - აბნეულ-დაბნეულად პასუხობდა, ხან რაღაცას ვერ იხსენებდა, ხან წინა დღით მიცემულ ჩვენებას ცვლიდა, ხანაც - თავს ისულელებდა, მაგრამ დაკითხვის შემდეგ საკანში დაბრუნებული, დეტალების ანალიზიდან გამომდინარე, ხვდებოდა, რომ გაება. ეს უკვე დასასრულს ნიშნავდა. ჩასვამდნენ, თანაც - ხანგრძლივად... როგორმე ციხიდან უნდა დაეღწია თავი, მაგრამ როგორ... როგორ?!

ფიქრსა და ტვინის ჭყლეტას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მორიგი დაკითხვის დროს სოლომონმა გამომძიებლის მაგიდაზე პოლიცმეისტერის წერილს მოჰკრა თვალი და მიხვდა, რომ გამოსავალს მიაგნო.

პატიმარი უგულისყუროდ პასუხობდა გრეჩკინის შეკითხვებს და მთელი ყურადღება წერილზე ჰქონდა კონცენტრირებული. სოლომონ მეორისა და დადიანების სიგელ-გუჯართა ფაბრიკაციაში გაწაფულ თაღლითს პოლიცმეისტერის უწყებიდან მიღებული ოფიციალური გზავნილის გაყალბება როგორ გაუჭირდებოდა, მაგრამ აქ თავი იჩინა ერთმა, ფრიად სპეციფიკურმა სირთულემ. ქუთაისში საქმიანობის დროს აშორდიას არქივიდან გამოტანილი დოკუმენტები სახლში კვირაობით მიჰქონდა, მაგიდაზე ეწყო, აკვირდებოდა, სინჯავდა, ბეჭდებს, კალიგრაფიასა და ხელრთვას ამუღამებდა... აქ კი, ციხის საკანში პოლიციის შეფის წერილს არავინ გაატანდა. რომც მოეპარა, მიგნების შემთხვევაში ბრალზე ბრალი დაემატებოდა. ამიტომ, სხვა გზა არ იყო და დიდმა კომბინატორმა სრული დატვირთვით აამუშავა მხედველობითი მეხსიერება. რამდენიმე დაკითხვის განმავლობაში მან დეტალურად დაიმახსოვრა ტიტულიანი დოკუმენტის ფორმა და ზომა, ქაღალდის ფაქტურა, კალიგრაფია, სარეგისტრაციო მონაცემების განლაგება და რეგისტრაციის წესი, ბეჭდის მოხაზულობა...

დანარჩენს მკითხველი, ალბათ, თვითონაც მიხვდება. საკანში დაბრუნებულმა აშორდიამ ზედამხედველს სამი მანეთი აჩუქა და მისი მეშვეობით გარეთ საჭირო ხალხს დაუკავშირდა. იმ ხალხმაც, გაუჩენელი გააჩინა და სულ მალე დიდი კომბინატორის ნარზე, ლეიბის ქვეშ წერილის გაყალბებისათვის საჭირო ყველა მოწყობილობა ინახებოდა - სპეციალური მელანი, კალმები, წეკოს ქაღალდი, საბეჭდე ტვიფარი... რამდენიმე მსუბუქი გავარჯიშების შემდეგ პოლიცმეისტერის წერილმა, რომლითაც იგი ციხის უფროსს მიმართავდა პატიმარ აშორდიას გათავისუფლების მოთხოვნით (მის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დადასტურდაო), დასრულებული სახე მიიღო. შემდეგ, ეს წერილი ზედამხედველმა საფოსტო ყუთში ჩააგდო...

ეს ერთ-ერთი ვერსიაა. არსებობს მეორეც, რომლის თანახმადაც პატიმარმა პოლიცმეისტერის წერილი თვითონ შეიტანა ციხის უფროსის კაბინეტში, ხელსაყრელი მომენტი შეარჩია და მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტულ სხვა დოკუმენტებში შეურია.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეეძლო პატიმარ აშორდიას ამის გაკეთება. მეორე მხრივ, გაუგებარია ისიც, რატომ არ დააეჭვა ციხის უფროსი პოლიცმეისტერის დალუქული პაკეტის ფოსტით მიღებამ (ასეთი დოკუმენტები, ძირითადად, კურიერების მეშვეობით გადააქვთ). თუმცა, აქვს კი მნიშვნელობა, მკითხველო, იმის გარკვევას, რომელია ამ ვერსიებიდან ჭეშმარიტი? მე მგონი - არა! ფაქტია, რომ ყეყეჩ სალდაფონს აზრადაც არ მოსვლია, შეემოწმებინა პოლიცმეისტერის გზავნილის ნამდვილობა. მან დაუყოვნებლივ იხმო კაბინეტში თანაშემწე და ბრძანების აღსრულება დაავალა.

ლეგენდარული თაღლითის პიროვნების დასახასიათებლად, უპრიანია, კიდევ ერთ მომენტს გავუსვათ ხაზი. არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ “ს ვეშჩამი”-ს გაგონების შემდეგ გვაძას ბოში გაჯიქდა და ციხის უფროსს კატეგორიულად განუცხადა - აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი, სანამ ოფიციალურად, წერილობით არ მომიხდით ბოდიშს უსამართლოდ დაპატიმრების გამოო.

ციხის უფროსი თავს იფხანდა და ბეცი თვალებით მისჩერებოდა მის მოპირდაპირე სავარძელში გადაწოლილ, ჯერ კიდევ ერთი საათის წინ პატიმარყოფილ მომჩივანს. რამდენი “დურაკი” მინახავს ქვეყანაზე, მაგრამ ასეთი - არავინ, ფიქრობდა გულში იგი და ამაოდ უმტკიცებდა თანამოსაუბრეს, რომ ადმინისტრაციის მიმართ მისი პრეტენზიები უსაფუძვლო იყო. ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ციხეა, სადაც დაკავებული მოგიყვანეს, მოგათავსეს და ახლა ზემდგომის მოწერილობის საფუძველზე გიშვებთო. მაგრამ, აშორდია არ ცხრებოდა, ცეცხლს ეთამაშებოდა, ბოლომდე აწვებოდა სახეწამოჭარხლებულ კომენდანტს და გოსუდარ-იმპერატორის კარამდე მისვლითა და სამართლის პოვნით იმუქრებოდა... ბოლოს, როგორც იქნა, ჩაცხრა, კაბინეტიდან გასვლის წინ ციხის უფროსს კიდევ ერთხელ დაუქნია თითი, ფუთაში გამოკრულ “ვეშს” ხელი დაავლო და საპყრობილეს ცეტრალური ალაყაფისკენ გაემართა.

რკინის მძიმე, მასიური კარი ღრჭიალით გაიღო და პატიმარყოფილმა ხარბად ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერის პირველი ყლუპი. მერე მიბრუნდა, ალაყაფის მისამართით დემონსტრაციულად გადააწიტა და თვალებმოჭუტულმა რაღაც ჩაილაპარაკა. თავს ვერ დავდებ, რომ ვინმემ გაიგონა, ან, თუ გაიგონა- მიხვდა-თქო, მაგრამ თუ ლოგიკასა და ინტუიციაზე მიდგება საქმე, ჩემი აზრით, აშორდია ციხის კარიბჭესთან შემდეგ სიტყვებს იტყოდა: “თქვანი დიდალეთი ფხოდი, თქვა ბოროებ!”.

+ + +

ალბათ, დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის მიხვედრას, რა სცენა გათამაშდებოდა პოლიცმეისტერის კაბინეტში აშორდიას გათავისუფლების ამბის გახმაურების შემდეგ. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. სამძებროს შტატიანმა აგენტებმა და სამოქალაქო ინფორმატორებმა ცა და მიწა შეაჯერეს, მაგრამ დიდი კომბინატორის კვალს ვერსად მიაგნეს. პოლიციის შეფი ცოფებს ყრიდა. სისტემაში ჭიპმოჭრილი კაცი გაოგნებული იყო, რადგან “მისივე” ხელმოწერილი წერილის საფუძველზე პატიმრის გათავისუფლებამ მაშოკირებელი ეფექტი მოახდინა. ბუნებრივია, ციხის უფროსს ყველაზე მეტი მოხვდა. “ლუჩშე ბილო ბ, ესლი ბ ონ უდრალ ჩერეზ ტონელ... ტი ჩტო, ახუიელ, ბლიად, კაკ ტი მოგ პადუმატ, ჩტო ია სპასობენ ნაპისატ ტაკოე... ია მამუ ტვაიუ ვიიბუ, სუკა, სობსტვენნიმი რუკამი პოვეშუ პადლეცა... ნოგი ტვაეი ნე ბუდეტ ბოლშე ვ ეტოი ტიურმე” - მთელი ხმით ღრიალებდა განრისხებული პოლიცმეისტერი, მაგრამ მას უკვე აღარაფრის შეცვლა შეეძლო. ბაქოდან გარიდებულმა გვაძას ბოშმა ახალი პასპორტით შორეულ აღმოსავლეთს მიაშურა, სადაც იმ დროისათვის რუსეთ-იაპონიის ომი მძვინვარებდა.

+ + +

რამ მიიზიდა დიდი გამყალბებელი მანჯურიაში? სინდისის ქენჯნა ხომ არ იგრძნო? პატრიოტული გრძნობები ხომ არ შემოაწვა და პორტ-არტურის დასახმარებლად ხომ არ ჩაეწერა მოქმედ არმიაში?

+ + +

აშორდიას მანჯურიული თავგადასავლების მოსმენა ერთ სიამოვნებად ღირს, მაგრამ მანამდე, უპრიანია, კიდევ ერთხელ გავუსწროთ წინ მოვლენების განვითარებას და ომსკის ციხეში შევჩერდეთ, სადაც 1907 წლის აპრილში წინასწარი გამოძიების შედეგებს ელოდა ჩვენი უპრეტენზიო ნარკვევის გმირი.

ვფიქრობ, მკითხველი გაგებით შეხვდება ამ ქრონოლოგიურ წიაღსვლებს. სოლომონ აშორდია რეალურად არსებული პიროვნება კი იყო, მაგრამ ისტორიული მოღვაწე გახლდათ-თქო, ვერ დავიჩემებ. ამიტომ, მისი ხიფათიანი თავგადასავლების აღწერის დროს ფაქტებისა და მოვლენების მკაცრი თანმიმდევრობის დაცვა სავალდებულო სულაც არაა. პირიქით - შინაარსითა და ხასიათით მსგავსი ამბების დაჯგუფება-გაერთიანება უფრო სასურველი უნდა იყოს.

ზემოთ ხომ აღვნიშნეთ, რომ 1905 წლის აპრილში დიდი კომბინატორი მის მიერვე შედგენილი წერილის საფუძველზე გათავისუფლდა ბაქოს ციხიდან. რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1906 წლის აპრილში სოლომონმა იგივე ხრიკის გამოყენებით კიდევ ერთხელ დააღწია თავი, ამჯერად - ომსკის ციხეს.

ამჯერად, საპყრობილეში აშორდია სრულიად “შემთხვევით” აღმოჩნდა. უფრო სწორად, ფორტუნამ ზურგი აქცია. ნათქვამია, აქლემი ოთხი ფეხით დადის, მაგრამ ზოგჯერ ისიც წაიფორხილებსო - სწორედ ასე დაემართა გვაძას პირმშოს.

მისი ნიჭისა და უნარის, უფრო კი - მოთხოვნილების პატრონს უქმად რა გააჩერებდა! ფული, ბევრი ფული სჭირდებოდა, ფული კი ლომის უკანალში, ე.ი. ბანკში იდო. სოლომონი არც ყაჩაღთა ბანდის მეთაური გახლდათ, პირდაპირი თავდასხმით რომ აეღო საფინანსო დაწესებულება და არც სეიფების გახსნაზე დასპეციალებული “მედვეჟატნიკი”. იგი სალუქი, პეწიანი კაცი იყო, მძიმე საგნებით არ მუშაობდა - ქაღალდი, კალამი და, მისი ჯანი... ადგა და, საბანკო ქვითრების ფაბრიკაციას მიჰყო ხელი. ისე ამსგავსებდა, ნამდვილს ყალბისგან ეშმაკიც ვერ გაარჩევდა. ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი პერიოდულად მიადგებოდა ციმბირის ან შორეული აღმოსავლეთის რომელიმე ქალაქის ბანკს, მის მიერვე დამზადებული ყალბი ჩეკით სერიოზულ ფულს მოხსნიდა და მერე უკვალოდ ორთქლდებოდა...

ერთხელაც, ნოვოსიბირსკში, მოსკოვის საერთაშორისო ბანკის ფილიალში მოინდომა რუსეთ-ჩინეთის ბანკის ხარბინის განყოფილებიდან, ვითომცდა, მის სახელზე გადმორიცხული 20 000 მანეთის მიღება. იმ დროისთვის ჯიბეში ვინმე ზახაროვის პასსპორტს ატარებდა. ჩვეულებისამებრ, წარადგინა პირადობის მოწმობა და სათანადო ქვითარი, მაგრამ ბანკის მმართველი რაღაცამ დააეჭვა და კლიენტი მომდევნო დღისთვის დაიბარა. აშორდია-ზახაროვი მიხვდა, რომ იქ გამოჩენა აღარ შეიძლებოდა და ამჯერად უფას მიაშურა. იქაურ ბანკში კი, პოლიციამ ჩაავლო ხელი და გასკვანჩა. როგორც გამოირკვა, ბანკის მმართველმა (სასამართლოს მასალებში მისი გვარიცაა დაფიქსირებული - რუზანოვი) გადაამოწმა, ნამდვილად იყო თუ არა ჩარიცხული ფული ხარბინიდან ზახაროვის სახელზე და როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, რეგიონში მდებარე ყველა საბანკო განყოფილებას უდეპეშა - თაღლითების სტუმრობაა მოსალოდნელი და ფრთხილად იყავითო.

უფიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, ომსკის საპყრობილეში გადაიყვანეს, სადაც მანამდე ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა. სწორედ იქ გათამაშდა კომედიის მეორე ნაწილი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცარისტული რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულ ჩინოვნიკთა სიბრიყვეს საზღვარი არ გააჩნდა და ამ ქვეყანას დიდი ხნის არსებობა არ ეწერა.


ეს ამბავი შედარებით მოკლედ უნდა გიამბოთ. გულნაკლულ და მსუყე, ავანტურისტული თავგადასავლების მომლოდინე მკითხველს შეუძლია საკუთარი წარმოსახვა მოიშველიოს და კიდევ ერთხელ წარმოიდგინის წინამდებარე ბლოგტექსტის დასაწყისში აღწერილი დიალოგი, შემდეგ კი - ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ საუბარს შეიძლება მოჰყოლოდა შედეგად. ერთი კვირის თავზე ომსკის ციხის უფროსმა ბაქოელი კოლეგის მსგავსად, საიდანაც და ვისგანაც ჯერ არს, აშორდიას მიერ დაწერილი წერილობითი განკარგულება მიიღო - პატიმარმა ზახაროვმა, იგივე ჯამბატოვმა (დაპატიმრებისას სოლომონს მეორე პასპორტიც ედო ჯიბეში) გირაოს სახით 10 000 მანეთი გადაიხადა და გაათავისუფლეთო.

ქართული ანდაზა კი ამბობს, ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლებაო, მაგრამ, ჩანს, ეს ვაშინერი (ტაბუ, ანუ აკრძალვა, მეგრულად) მხოლოდ ჩვეულებრივ მოკვდავებზე ვრცელდება. დიდ კომბინატორს ასეთთა კატეგორიაში ნამდვილად ვერ მივათვლით, რადგან მას თვით ბედისწერის ქალღმერთი მფარველობდა. ციხის უფროსმა დაუყოვნებლივ აღასრულა ზემდგომის განკარგულება და დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული იმპერიის ყველაზე დახვეწილმა თაღლითმა, კურზუელმა აზნაურიშვილმა სოლომონ აშორდიამ კიდევ ერთხელ ჩაყვინთა ფენტეზის ჟანრისთვისაც კი წარმოუდგენელი მასშტაბის თაგადასავლების ბობოქარ ოკეანეში.

(გაგრძელება იქნება)