იყო ართი ჭკვერი ბოში, ანუ ეპიზოდი ქართულად ფულის გაიმასქნების ისტორიიდან

იყო ართი ჭკვერი ბოში, ანუ ეპიზოდი ქართულად ფულის გაიმასქნების ისტორიიდან

 


ბაგრატოვანთა გვარის მემატიანის - სუმბატ დავითის ძის გადმოცემით, ჩვენი სამეფო დინასტია ბიბლიური სამყაროდან მომდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გადაწყდა, გავლენიან ებრაელთა ერთი ჯგუფი სერიოზულად ფიქრობდა იუდეველთა ძველი სამეფოს აღდგენას და ტახტზე იმ დროისათვის ევროპაში მცხოვრებ ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლის დასმას...…


მეფეებს არც სხვა, ძველი, მაგრამ უფრო მცირე გავლენის მქონე საგვარეულოები ჩამორჩნენ და მათაც დაიწყეს ისტორიის სიღრმეში თავისი განსხვავებული ფესვების ძიება. წერეთლებმა, მაგალითად, ასეთ ძირებს დაღესტანში “მიაკვლიეს” (ლეკი წვივშავიძეების შთამომავლები ვართო - ამტკიცებდნენ), აბაშიძეებმა - შორეულ ეთიოპიასა (აბაშეთი) და მურვან ყრუს გარემოცვაში. მიქელაძეები ვინმე არზრუმელი მიქელას ჩამომავლობაზე დებდნენ თავს… მაჭუტაძეები რომ მაჭუტაძეები არიან (მცირე თავადური საგვარეულოა გურიაში), მახლობელი აღმოსავლეთი ეცოტავათ და ფესვების ძიება შორეულ იაპონიაში დაიწყეს. გვარში დაცული გადმოცემით, მათი უძველესი წინაპარი საქართველოში ამომავალი მზის ქვეყნიდან მოსულა და წვრილი (ანუ ჭუტალა) თვალების გამო მაჭუტაძედ მოუნათლავთ (ახლა უკვე აღარ მიკვირს, რატომ დაეხმარა იაპონიის საელჩო ფინანსურად სოფელ ჯაპანას და ჯაპანელებს).


სხვათაგან გამორჩევა და აღმატება ბევრი რამით შეიძლება - ჭკუა-გონებით, ახოვანებით, სილამაზით, ინტელექტით, აღზრდა-განათლებით... ვერ ვიტყვი, რომ ქართველი კაცი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ მისთვის მთავარია, სხვა რამით იყოს დანარჩენებზე აღმატებული - კეთილშობილი სისხლით, ანუ წოდებით. თუ ჯიბეში არისტოკრატიული წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი გიდევს, შეგიძლია ცხვირი ზემოთ ასწიო და ამას ავტომატურად მოჰყვება სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები.


გაიხსენეთ ცალჩექმიანი აზნაური რონდელის ფილმიდან “დაკარგული სამოთხე” და მისი საფირმო ფრაზა: “ვის უბედავ, ყაზახო, მაგას, მე - მიქელა კალმახიძეს, ამოდენა ადგილ-მამულის პატრონს?!”


გენიალური კლდიაშვილის მიერ დახატული შემოდგომის აზნაურთა ტიპებიც ხომ გახსოვთ? განა ვინმემ კიდევ შექმნა მსოფლიო ლიტერატურაში ყავარზე კუდგადებულ, მშიერ არისტოკრატთა მსგავსი პორტრეტები? სადმე გეგულებათ პლატონ სამანიშვილის, კირილე მიმინოშვილის, სოლომონ მორბელაძის, ოტია ქამუშაძის, პორფირი ბიაშვილის და სხვა მათ მსგავსთა დარი ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული სახეები?


და ბოლოს, როგორ ავუაროთ გვერდი დიდოსტატი კონსტანტინეს “დიდოსტატის მარჯვენას” და მომაკვდავი გიორგი მეფის პირით ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ხასიათის კვინტესენციად - ”ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა...” ყველა აზნაურს თუ უაზნოს რომ მეფის ტახტი ელანდება, ეს ნათლად აჩვენა ჩვენმა ისტორიამ, ძველმაც და ახალმაც.


რა არის ასეთი მაგიური არისტოკრატიულ წოდებაში? რატომ გამოირჩევა ქართული ფენომენი სხვაზე აღმატებულობის, ლამის, ავადმყოფური მისწრაფებით?


ეს ძალიან რთული და კომპლექსურად შესასწავლი საკითხია, რომელიც ისტორიკოსების,


ფილოლოგების, ეთნოლოგებისა და ეთნოგრაფების, ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების შეერთებულ კვლევას მოითხოვს. მე ამდენი ცოდნა ვინ მომაშავა? სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ ქართველი ერისა და სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქართული ხასიათის ამ ფენომენის გაგებასთან ყველაზე ახლოს ვინმე სწავლული კი არა, მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ერთი გაქნილი ავანტურისტი მივიდა...


სახელი მისი - სოლომონი და გვარი მისი - აშორდია.


* * *


არ მეგულება ქართველი, გამოთქმა - “აშორდიას აზნაური” რომ არ ჰქონდეს გაგონილი. ზოგადად, ყველამ იცის, რასაც ნიშნავს ეს სიტყვები, თუმცა, რომ ჰკითხო, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვიან. ერთეულების გარდა, არავინ იცის, ვინ იყო ეს კაცი, როდის ცხოვრობდა, რა მოხელე-ჩიქვანი გახლდათ, ვინ ჰყავდა პატრონი-მყვარებელი და რა ჯადოსნური ჯოხის აქნევით არიგებდა ქართველთათვის ეგზომ სანუკვარ არისტოკრატიულ ტიტულებს?


ოცი წლის წინ მეც ამ კატეგორიის ადამიანებს განვეკუთვნებოდი, სანამ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ არქივში, სხვა საკითხზე მუშაობის დროს სრულიად შემთხვევით არ გადავაწყდი აშორდიას მთელი რუსეთის იმპერიაში გახმაურებული სასამართლო საქმის შვიდტომეულს.


იმ დროისათვის მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო რომანების წერაზე მეოცნებე ახალგაზრდა ლიტერატორ-ისტორიკოსი გახლდით (ჩვენში დარჩეს, ახლაც ვოცნებობ, ოღონდ - ხამუშ-ხამუშ) და, რომ იტყვიან, სული წამივიდა. ასეთი განძი ხელიდან როგორ გავუშვა-თქო, გავიფიქრე, ყველა საქმე გვერდით გადავდე და თავით გადავეშვი მანამდე სრულიად უცნობ სამყაროში. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტომების შესწავლა-დამუშავებაზე “გაცდენილი” ორი თვე ყველაზე ტკბილ მოგონებად დამრჩა ჩემი საარქივო ვოიაჟების ისტორიაში. ამ ხნის განმავლობაში დარბაზიდან ცხვირი არ გამომიყვია, შვიდივე ტომი დამშეულივით გადავყლაპე და მომავალი რომანის სიუჟეტისთვის საჭირო, ჩანაწერებით სავსე ორი სქელი საკანცელარიო წიგნი გავახაზირე (თანაც, რომ იტყვიან, ბარეორი კუბური მეტრი საარქივო მტვერი ჩავყლაპე). ეს იყო ბრალდებულის დაკითხვის ოქმები (ზოგი – მანქანაზე ნაბეჭდი, ზოგიც – ხელნაწერი და ძნელად წასაკითხი. ვისაც არქივში უმუშავია, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ), რამდენიმე ასეული მოწმის ჩვენებანი, სახელმწიფო ინსტანციებს შორის პროცესთან დაკავშირებული მიმოწერა, სასამართლო უწყებანი და, რაც მთავარია, მტკიცებულებანი – აშორდიას მიერ წარმოუდგენელი ოსტატობით დამზადებული უამრავი ყალბი დოკუმენტი, მათ შორის – იმერეთის მეფე სოლომონ მეორისა და სამეგრელოს ბოლო მთავრების სახელით შედგენილი წყალობის სიგელები.


სასამართლო მასალების შესწავლის შემდეგ ჩემს თვალწინ გადაიშალა სრულიად წარმოუდგენელი სურათი – ღვთისგან არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ავანტიურისტის ბობოქარი თავგადასავლებითა და ფაბრიკაციებით აღსავსე ცხოვრება. აშორდიას საქმე – ესაა ქართველი კაცის ფანტასტიკური ოდისეა, რომელიც ბედმა ზუგდიდის მაზრის ერთი პატარა სოფლიდან იაპონიის საზღვრამდე ატარა, ცხოვრების ტალღამ ხან ქეჩოზე მოიგდო, ხან დიდოელი ლეკის ნაბადივით გათელა და ბოლოს, სრულიად ახალგაზრდამ, საბჭოთა სახელმწიფოს მარწუხებში მოქცეული ნადირივით დაასრულა სიცოცხლე.


დღეს სწორედ ლეგენდარული აშორდიას შესახებ მინდა გიამბოთ, რამდენადაც ბლოგის ფორმატი და მოცულობა მომცემს ამის შესაძლებლობას.


* * *


1902 წლის 9 ივლისს, საღამოს, უკვე კარგა შებნელებული იყო. ბათუმის ბულვართან ზღვაში ადამიანი დაიხრჩო.


მართლა დაიხრჩო თუ არა, კაცმა არ იცის. მიშველეთო – ყვირილი არავის გაუგონია. არც ნაპირზე გამორიყული გვამი უპოვნიათ მომდევნო დღეებში. ნახეს მხოლოდ ქვიშაზე დატოვებული შარვალი და ჩოხა-ახალუხი, რომლის ჯიბეში აღმოჩნდა ვინმე სოლომონ აშორდიას ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი და იმავე აშორდიას მიერ ზუგდიდის მაზრის უფროსისა და ქუთაისის საოლქო პროკურორის სახელზე შედგენილი თხოვნის წერილები, აგრეთვე – სასტუმრო “ევროპა”-ს # 24 ოთახის გასაღები.


უცნობის ზღვაში ბანაობის დროს ნაპირზე წყლიდან ახალამოსული ორი კაცი იყო წამოწოლილი – სატყეოს “პისარი” ბოროვიკოვი და ერობის ზედამხედველი გორშკოვი. ისინი დაბეჯითებით ვერ ამტკიცებდნენ, დაიხრჩოო, მაგრამ ზღვაში შეცურა და უკან დაბრუნებული აღარ გვინახავსო, ამაზე თავს დებდნენ. კიდევ ერთი თვითმხილველი არსებობდა – ბერძენი მარულიდისი, რომელიც ვინმე მიქავასთან ერთად მოშორებით ბანაობდა. მანაც შენიშნა კაცი, რომელიც დგაფუნით მიაპობდა ტალღებს და ლაღობდა წყლის წიაღში, მაგრამ მერე უკან აღარ მობრუნებულა. ბოროვიკოვს და გორშკოვს ჰკითხა, სად წავიდა ეგ ტიპი, ტანსაცმელი ნაპირზე ყრია და რაიმე ფათერაკი ხომ არ შეემთხვაო. იმათ კიდევ გადაჭრით ვერაფერი უთხრეს.


მოგვიანებით ეჭვი გაჩნდა, ამ რუსებს აშორდიამ ორი ბოთლი არაყი და ცოტაოდენი ფული აჩუქა, იმ პირობით, რომ მისი წყალში შესვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ ხმაური უნდა აეტეხათ – არიქა, ვიღაც დაიხრჩოო.


კაცი იყო, კნუტი ხომ არა?! ამიტომ, პოლიციამ სათანადო მოკვლევა ჩაატარა. დაკითხეს სასტუმროს კონცესიონერი პეტრე თალაკვაძე, უბნის ზედამხედველი ყარდაშევი, კონტრაბანდისტი ასლან-ბეგ აბაშიძე და დიმიტრი ჩიჩუა, მაგრამ ხეირიანად ვერაფერი გაარკვიეს. გამოძიებას ეჭვი კი გაუჩნდა, აბაშიძემ ფული აიღო და აშორდია თურქეთში გადაიყვანაო, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. 20 ივლისის ნომერში ამ ინციდენტის შესახებ “ჩერნომორსკი ვესტნიკმაც” წაიკნავლა.… ეს იყო და ეს. გაქრა კაცი. მის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო, ვერც ზღვაში, ვერც ხმელეთზე. პოლიცია იძულებული გახდა, დახრჩობის ვერსია სარწმუნოდ მიეჩნია.


ბათუმში “დამხრჩვალმა” აშორდიამ 1902 წლის 9 ივლისის შემდეგ კიდევ კარგა ხანს იცოცხლა და სულ მალე ბაქოში ამოჰყო თავი, მაგრამ სანამ მის კასპიისპირულ თავგადასავლებზე ვისაუბრებთ, უკან დავიხიოთ და ორიოდე სიტყვით ვთქვათ – ვინ იყო ეს კაცი, საიდან მოხვდა ზაფხულის ცხელ საღამოს ბათუმში და რაში დასჭირდა დახრჩობის ინსცენირება?  


* * *


ალბათ, დროა, მკითხველს ვამცნო, რომ ბათუმში ტრაგიკულად “დაღუპვის” დროისათვის სოლომონ აშორდია უკვე ეჭვმიტანილი იყო თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებაში. პოლიციამ მას, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. სანამ საქმის მოკვლევა დასრულდებოდა და სასამართლოს გადაეცემოდა, ოსტაპ ბენდერის ქართველ კოლეგას საპოლიციო განყოფილებაში პერიოდული გამოცხადება-ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა ადგილზე ყოფნა (ქუთაისზეა საუბარი). თუმცა, როგორც ვიცით, მან შეთანხმება დაარღვია და 1902 წლის 7 ივლისს ბათუმში ამოჰყო თავი.


რა მოხელე-ჩიქვანი იყო აშორდია და როგორ გასკდა მისი საქმე?


ერთი შეხედვით - სულ უბრალოდ. 1900 წლის 21 იანვრის ყინვიან ღამეს, ისტორიის უჩინო ჯარისკაცმა, გოროდოვოი სალდაძემ ქუთაისის ბულვარის ერთ-ერთი ძელსკამის ქვეშ საეჭვო ფუთა შენიშნა. სხვა დროს, შეიძლება, ყურადღება არც მიექცია და სანაგვეზე გადაესროლა, მაგრამ რთული დრო იყო და გოროდოვოი შეეჭვდა. ორი საუკუნის მიჯნაზე ქართველი “ცოციალისტები” უკვე სერიოზულად აქტიურობდნენ და აფეთქებას აფეთქებაზე აწყობდნენ. ამიტომ მოვალეობის ერთგულმა სალდაძემ ფუთას გულგრილად ვერ აუქცია მხარი, გახსნა და...


აფეთქდა, მაგრამ რა აფეთქდა...


არ შეგეშინდეთ! ყუმბარა კი არა, საქმე გასკდა. ყუმბარა რომ ყოფილიყო, ამხელა რეზონანსს ნამდვილად არ გამოიწვევდა. საცოდავი სალდაძიდან, წყალი არ გაუვა, სხეულის ყველაზე დიდი ნაწილი – ყური დარჩებოდა. სავარაუდოდ, ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, თეთრი ხიდის სიახლოვეს მდგარ სახლებში მინები ჩაიმსხვრეოდა და ნათლიღებიდან გამოყოლილ “პახმელიაზე” მყოფ ქუთათურებს ძილი დაუფრთხებოდათ. არადა, აფეთქება, რომელიც სალდაძის ცნობისმოყვარეობას მოჰყვა, გაცილებით მძლავრი აღმოჩნდა და იმერეთის სატახტოში კი არა, დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ იმპერიაში გამოიწვია რეზონანსი. მის შესახებ ოპერატიულად ჩააყენეს საქმის კურსში ჯერ ადგილობრივი პოლიცმეისტერი და გრადონაჩალნიკი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოლოს – თვით გოსუდარ-იმპერატორი. ამ ფაქტის შესახებ დაიწერა სატახტო და ადგილობრივ გაზეთებში. ავანტიურისტი აშორდია პოეტების მუზადაც იქცა..


გვაძას ყმაწვილის გამო პატარა, პროვინციული ქუთაისი ერთბაშად გადაიქცა თვალსაჩინო ცენტრად თაღლითური კოორდინატების საიმპერიო რუკაზე.


ბოლო-ბოლო, რა აღმოჩნდა ასეთი სალდაძის მიერ ნაპოვნ ფუთაში?


წარმოიდგინეთ პოლიცმეისტერის გაოცება, როცა ჩანთა გახსნეს და იგი სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტებით აღმოჩნდა გაძეძგილი. ეს იყო ქუთაისის გუბერნიაში შემავალი ქუთაისის, სენაკისა და ზუგდიდის მაზრის სოფლებში მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებზე გაცემული საბუთები – ცნობები, მეტრიკული ამონაწერები, ნებართვები, ძველი სიგელები... ყველა მათგანი გაფორმებული იყო შესაბამისი წესით, ტიტულიან ქაღალდზე, ბეჭდითა და ხელმოწერით. ამდენი ოფიციალური საბუთის ბულვარში გადაყრა იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ პოლიცია იძულებული გახდა, მოკვლევა დაეწყო. კვალი აშორდიას ირგვლივ შემოკრებილ თაღლითურ დაჯგუფებამდე მივიდა (თუ რატომ, ქვემოთ შეიტყობთ). მათი ბინების ჩხრეკამ ეჭვი დაადასტურა. მართალია, უშუალოდ მეთაურს მხოლოდ 14 ყალბი საბუთი უპოვნეს, სამაგიეროდ მის “პაძელნიკ” გეგენავას აღმოაჩნდა კომოდის უჯრაში გადამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 250 დოკუმენტი.
მოგვიანებით, ჯგუფის სხვა წევრებზეც გავიდნენ.


* * *


ყველაფერი გასაგები რომ გახდეს, ცოტა უკან უნდა დავიხიოთ.


1803-დან 1857 წლამდე, სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლიდან გაუქმებამდე, იგი გარკვეულ ავტონომიას ინარჩუნებდა საშინაო საქმეებში და მართველობას კვლავინდებურად დადიანთა (ბოლო დადიანები ჩიქოვანებიდან მომდინარეობდნენ) საგვარეულოდან გამოსული მთავრები ახორციელებდნენ,


ყირიმის ომისა და უტუ მიქავას ცნობილი აჯანყების შემდეგ სამთავროს სამრეკლოზე ბოლო ზარმა ჩამორეკა. პეტერბურგში სამეგრელოს ძველი ფორმით არსებობა უკვე ანაქრონიზმად ჩათვალეს, უკანასკნელი მთავრის მემკვიდრეს, ნიკო დადიანს, ტახტზე უარი ათქმევინეს და მისი ადმინისტრაციული მართველობის საიმპერიო ყაიდაზე მოწყობას შეუდგნენ.


მოსაგვარებელი და სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანი კი ბევრი რამ იყო, მათ შორის ყოფილი სამთავროს მოსახლეობის წოდებრივი კუთვნილების საკითხი. მანამდე აზნაურად და თავადად აღიარებას ოფიციალური საბუთი არ სჭირდებოდა. ეს იყო, ასე ვთქვათ, საჯაროდ დამკვიდრებული თვალსაზრისი და ყველამ იცოდა, რომ, სიტყვაზე, ლიპარტიანები, აფაქიძენი და ფაღავები იყვნენ თავადები, პერტენავები, ლაბარტყავები და კუკულავები – გლეხები. არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები, ვისაც შემორჩენილი ჰქონდა, შინ დიდი ამბით ინახავდნენ ძველი დროის მეფე-მთავართა სიგელ-გუჯრებს, რომლებშიც მათი ესა თუ ის წინაპარი იყო მოხსენიებული, თუმცა, როგორც ვთქვი, ამ დოკუმენტების სათანადო სახელმწიფო სტრუქტურის მიერ აღიარება სავალდებულოდ არ იყო დაწესებული.


1866 წლის 17 აპრილს საკითხის მოსაგვარებლად ზუგდიდში შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია. მოგვიანებით, როცა სამეგრელო ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარეს, კომისიამაც საგუბერნიო ცენტრში გადაინაცვლა, თუმცა, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და გარკვეული ხნის შემდეგ ახალი დროებითი კომისია შეიქმნა, ამჯერად – კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საბჭოსთან არსებული.


რა სჭირდა ამ საქმეს ამდენი საკომისიოო - იკითხავთ ალბათ. სჭირდა რომელია! წოდებრივი კუთვნილების საკითხი იმდენად რთული გასარკვევი აღმოჩნდა, რომ ვერცერთმა კომისიამ თავი ვერ გაართვა და 1890 წლის 17 აპრილის ბრძანებით ეს საქმე ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დეპუტატობის საკრებულოს დაეკისრა. საკრებულომ საგანგებო ინსტრუქცია შეიმუშავა და ტიტულის მაძიებლებს, ან დადასტურების მთხოვნელებს (ასეთ ადამიანებს იმდროინდელ სამეგრელოში “იჩუჩებს” ეძახდნენ, რუსული სიტყვიდან – “იშჩუშჩიი”, ანუ მაძიებელი) სავალდებულო ნორმად დაუწესა მათი არისტოკრატიული წოდების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, როდის იყო შედგენილი ეს საბუთი, თუნდაც მეფეებისა და მთავრების პერიოდში. მთავარი იყო, საკრებულოს იგი ავთენტურ დოკუმენტად ჩაეთვალა და...


არა, მთლად ასე მარტივადაც არ იყო საქმე. საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ხდებოდა. გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს მხრივ ვიზირებისა და მწვანე შუქის ანთების შემდეგ საბუთები პეტერბურგში, იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ჰერალდიკის დეპარტამენტში იგზავნებოდა დასამტკიცებლად. სატახტო ქალაქიდან მიღებული ნებართვა კი იმის საბოლოო დასტური იყო, რომ მისი მფლობელის ძარღვებში კეთილშობილი სისხლი ჩქეფდა, რომ იგი თავადი, ან აზნაური მაინც იყო და არა ვიღაც უჯიშო ყაძახი.


თავდაპირველად, “იჩუჩებს” საბუთების წარსადგენად ხუთწლიანი ვადა მისცეს, მაგრამ, საკითხის სირთულიდან გამომდინარე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 1895 წელს ერთი იმდენითვე გაახანგრძლივეს.


ერთი სიტყვით, სურათი ნათელია. 1890-დან 1900 წლამდე სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე გაჩნდა არისტოკრატიული წოდების მიღებისა და ხალხში გარევის მაცდუნებელი პერსპექტივა. ამ საქმისათვის ბევრი რამ სულაც არ იყო საჭირო – მეფე სოლომონის, ან რომელიმე დადიანის მიერ გაცემული სიგელი და მისი ჯანი. ახლა მხოლოდ სიგლების მოძებნაღა იყო საჭირო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე ფენომენალური ნიჭის მქონე ყმაწვილი, მისი უდიდებულესობა თაღლითმაისტერი სოლომონ გვაძას ძე აშორდია.


(გაგრძელება იქნება)