"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საქართველოდან ინფორმაცია უკანონოდ გაიტანა, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი გია არდაზიშვილია.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველოდან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია გაიტანა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერაა დაკავებული.
დეპუტატის თქმით, ცნობილია ამ პირის ვინაობაც, ის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილია.
"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და საქართველოს საზღვრები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით დატოვა, თუმცა, მაშინ ფაქტი შსს-მ უარყო. შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ამ პირის და საქმის დეტალების დადგენა. ის არის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც თელავიდანაა. თავის დროზე თანამდებობაზე ამ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილის და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. მან მოახერხა უკანონო წვდომა და ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია სრული კანონდარღვევით მოიპოვა. აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პერსონალიებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხება და ძალიან დეტალიზებულია. ის მიადგა საოკუპაციო საზღვარს ცხინვალის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საზღვარზე გადასვლა ძალადობრივი გზით მოახერხა. მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, თუმცა მაინც არ გადაატარეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით, მესაზღვრესთან ერთად გადავიდა, იქ კი მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა ტერიტორია", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, საინტერესოდ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადმოაგდეს ეს პირი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიატოვეს.
"ის იყო ნაცემი. ამჟამად ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული", - განაცხადა გივი თარგამაძემ და შსს-ს მოუწოდა უპასუხოს კითხვებს, თუ როგორ მოახერხა მან ინფორმაციაზე წვდომა და მისი ქვეყნიდან გატანა, ასევე დაისაჯნენ თუ არა შესაბამისი პირები.
გივი თარგამაძის კომენტარი "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურმა მიაწოდა.