საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ბევრად უფრო დახვეწილი კანონმდებლობა ჰქონოდა.
მარგველაშვილის განცხადებით, მისმა ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა და საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ნათლად ჩამოაყალიბეს ის პრიორიტეტები, რომელიც ხაზგასასმელი იყო.
"მე და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბევრად უფრო დახვეწილი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა საბანკო ზედამხედველობის საკითხებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი აბაშიშვილს და ბატონ გიორგი კვერენჩხილაძეს, რომელთაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოდ და ნათლად ჩამოაყალიბეს ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენი აზრით აქ იყო ხაზგასასმელი. მე მგონია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს პოზიცია გაზიარებული ყოფილიყო პარლამენტში. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს პოზიცია არ გაიზიარა. კონსტიტუციაში არსებობს სიმბოლური უფლება კანონზე ხელის არმოწერისა, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში. მინდა განვმარტო, რომ ეს არის სიმბოლური უფლება, რომელსაც აქვს თავისი მნიშვნელობა და რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იქნას გამოყენებული ადეკვატურად. ეს მხოლოდ ჟესტი იქნება, რადგან მერე მაინც პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ასეთი ჟესტი უნდა გამოიყენო მაშინ, თუ არასწორი კანონი კი არ იქნება მიღებული, როგორც მე ახლა მჯერა, რომ არასწორია, არამედ, თუ იქნება ისეთი კანონი მიღებული, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც ძირითად საკაცობრიო ღირებულებებს, რომელსაც, უბრალოდ, არ შეგიძლია, ხელი მოაწერო. ასეთი შემთხვევა ახლა არ არის. ახლა არის კანონი, რომელზეც მე შევეცადე, რომ ყოფილიყო, ჩემი აზრით, უკეთესი. პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც იმ დიდ პასუხიმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავისთავზე აიღეს. მე პატივცს ვცემ მათ აღებულ პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონს", - განაცხადა მარგველაშვილმა.