მაია მიმინოშვილი:   პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვები არ იქნება

მაია მიმინოშვილი: პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ წელს ე.წ. მეორადი ჩარიცხვები არ იქნება

პრაქტიკულად გადაწყვეტილია და წელს არ იქნება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია მიმინოშვილის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ამ პოზიციას იზიარებენ უმაღლესი სასწავლებლებიც.

"ის პროცედურა რაც გამონაკლისის სახით უნდა გაკეთებულიყო, თეორიულადაც შეუძლებელია. ჩვენი ამ პოზიციის გაცნობა იყო დღევანდელ შეხვედრაზე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან. უმაღლესი სასწავლებლების რექტორები სრულად იზიარებენ ამ პოზიციას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია და წელს არ იქნება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ მოხდა შარშან მეორადი ჩარიცხვების დაშვება, მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ მაშინ განათლების მინისტრს ჰქონდა გარკვეული არგუმენტი.

"არც შარშან და არც შარშანწინ ჩვენი ორგანიზაცია არ იყო მომხრე მეორადი ჩარიცხვების. თუმცა განათლების მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა ლოგიკური საფუძველი. შარშან პირველი წელი იყო და როგორც თამარ სანიკიძემ განმარტა, აბიტურიენტებს შესაძლოა ბოლომდე არ ჰქონდათ გაცნობიერებული რა უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, დღესაც იგივეს ვიმეორებ, რომ შარშანაც და შარშანწინაც უსამართლოდ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მხოლოდ ერთი კატეგორიის აბიტურიენტების ინტერესები იქნა გათვალისწინებული", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილი ზღვარგადალახულ აბიტურიენტებს ურჩევს, შეწყვიტონ შიმშილობა და საქმის მოსაგვარებლად საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სასამართლოს.