ძნელია ვინმე არ დაგვეთანხმოს, თუ ვიტყვით, რომ საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნების მერე ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იწვევს. თუ ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება ამაში ვინმეს, საკმარისია, ქართულ მასმედიას შეავლოს თვალი, რომ უმალ დარწმუნდება.
ბრალდებები, თავისმართლება, შეხვედრა-შეხვედრაზე, პრეზენტაცია... თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს, თუმცა, რასაკვირველია, დარღვევები უკვე, არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც თვალსაჩინოა და წარმოგვიდგენია, პიკზე რა იქნება.
აქამდე ძირითადად ორ დარღვევაზე ხდებოდა აქცენტების დასმა - ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობის მხრიდან წესდების სათავისოდ მორგებაზე.
გვინდოდა, თითოეულზე დეტალურად გვესაუბრა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე ჯერ მხოლოდ ხმები ისმის. უფრო კონკრეტული და დამაჯერებელი არგუმენტი არც მოგვისმენია და არც გვინახავს. ერთადერთი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ძველ განცხადებას თუ მოვიშველიებთ, როცა ჩარევაზე მინიშნება გააკეთა, თუმცა ამას უმალ მოჰყვა განმარტებები, რომ მან ფინანსური ჩარევა იგულისხმა. ეს იყო და ეს. ამის იქით საქმე არ წასულა და იმედი ვიქონიოთ, არც წავა. როგორც ნამდვილი ფეხბურთის გულშემატკივრები, ჩვენ, ჟურნალისტებიც მომხრენი ვართ, ყველაფერმა დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩაიაროს და პრეზიდენტობაც ღირსეულმა კანდიდატმა იზეიმოს.
აი, რაც შეეხება ფედერაციის ჯერაც მოქმედი ხელმძღვანელობის ნაბიჯებს - აქ კითხვის ნიშნები მართლაც დაგროვდა. მივყვეთ მიმდევრობით...
14 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა ჩატარდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართებოდა. საინტერესოა, რომ აღმასკომმა არ გააკეთა არავითარი განმარტება, თუ რატომ დაინიშნა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან პრეზიდენტის დარად, ფედერაციაში არც თავად აღმასკომის შემადგენლობაა მუდმივი და მათივე წესდებაც განმარტავს, რომ სფფ ვალდებულია, 4 წელიწადში აღმასკომის არჩევნებიც დანიშნოს.
ეს ამბავი ერთ-ერთმა კანდიდატმა, სფფ-ის მოქმედმა გენმდივანმა რევაზ არველაძემაც დაადასტურა თავის უმთავრეს კონკურენტ ლევან კობიაშვილთან ამასწინანდელი სატელევიზიო დებატების დროს. მანვე აღიარა, რომ აღმასკომის რამდენიმე წევრმა მართლაც დაწერა განცხადება და აღმასკომი დატოვა. მიზეზი? ბანალურია - მისცემოდათ დელეგატად გახდომის უფლება, რათა არჩევნებზე სასურველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
დელეგატობა ვახსენეთ და, 14 აგვისტოს ჩატარებული სხდომის დასრულება, ალბათ, ოფიციალურად გამოცხადებულიც კი არ იყო, რომ რეგიონულმა ფედერაციებმა და სფფ-ის სტრუქტურაში შემავალმა ასოციაციებმა უმალ წარდგენისა და დელეგატების სახელ-გვარით შევსებული ფურცლები აფრინეს სამდივნოში.
ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაშინ როცა კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირებულიც არ არის, პროგრამის პრეზენტაციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და, ამ დროს დადგენილებას აგზავნი, სადაც მას მხარდაჭერას უცხადებ.
აკი, სამართლიანად ჩავატაროთო?!
ცალკე თემაა დელეგატები. ამაზე ქართულ პრესაში აქამდეც არაერთხელ დაიწერა, მაგრამ ვერც ჩვენ ავუვლით გვერდს. საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, როცა რეგიონული ფედერაციების დელეგატებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები არიან. გასაგებია, არჩილ არველაძე, ვინც სპორტსკოლების ასოციაციას ხელმძღვანელობს და დელეგატადაც მივა არჩევნებზე, ერთ-ერთი კანდიდატის ძმაა და, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ შეფასდება მხოლოდ პროგრამით თუ პროექტით. მას ადამიანური ფაქტორიც „აწუხებს“, რათა უკვე გადაწყვეტილად იცოდეს, ვის მისცემს ხმას და ვერავინ მოსთხოვს, გინდა თუ არა, სხვა კანდიდატი მოიწონეო, მაგრამ რა ვუყოთ გოჩა ტყებუჩავას? ოთარ კორღალიძეს? ნიკა ჩხეიძეს? გიორგი ხაჩიძეს? ისინი რომ ფედერაციაში მუშაობენ და არავითარი შეხება არა აქვთ იმერეთის, გურიის თუ სხვა რეგიონის საფეხბურთო ორგანოსთან? რატომ ეძლევა ასეთ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?
ჩვენ ვერაფერს დავამტკიცებთ, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან, რადგან დაუჯერებელია, ვთქვათ, გოჩა ტყებუჩავამ, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელია და ხელფასს სწორედ ფედერაცია აძლევს, ობიექტური არჩევანი გააკეთოს.
და ბოლოს, მოკრძალებული რჩევა რევაზ არველაძეს: თუ 14 აგვისტოს აღმასკომის შემდეგ დატოვებდით თანამდებობას, წამოხვიდოდით ფედერაციიდან და ასე აწარმოებდით საარჩევნო კამპანიას, ეს გაცილებით წინდახედული და კორექტული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან დღევანდელ შემთხვევაში, თქვენს კონკურენტებს აბსოლუტური უფლება აქვთ, იფიქრონ, რომ თანამდებობრივ უფლებებს იყენებთ და საკუთარ თავს უპირატეს მდგომარეობაში იყენებთ.
ხოლოს ის მიზეზი, რომ 17 სექტემბერს უეფაში გადაუდებელი შეხვედრა ყოფილა და ამიტომ არ შეიჩერეთ გენმდივნობა, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია...