რამდენიმე დღის წინ თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული ორი მცირეწლოვანის მამამ, სირიელმა აბდულა კურდიმ ქალაქ ბოდრუმის პროზექტურაში თავისი ოჯახის წევრები ამოიცნო.
მიგრანტების ნავის გადატრიალების შედეგად ბავშვების გარდა დაიღუპა მათი დედაც. "როიტერის" ცნობით, აბდულა კურდი ცხედრების სამშობლოში გადასვენებას აპირებს.
სირიელი ბავშვის ცხედრის ფოტომ მსოფლიო შეძრა. ის ტალღებმა სანაპიროზე გამორიყა, მასთან, მის ძმასთან და დედასთან ერთად კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. ისინი სირიიდან თურქეთის გავლით საბერძნეთის კუნძულ კოსისკენ მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ნავი ჩაიძირა.
როგორც აბდულა კურდი ამბობს, მან შუამავლებს ორჯერ გადაუხადა ფული, რათა თავისი ოჯახის წევრები საბერძნეთამდე ჩაეყვანა, თუმცა, ამაოდ. ბოლო მცდელობა კი ფატალური აღმოჩნდა.