პაატა ბურჭულაძე საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევა

პაატა ბურჭულაძე საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევა

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევა და მოსახლეობას მშენებლობის მნიშვნელობასა და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, 4 სექტემბერს, 14:00 საათზე შეხვედრა შედგება მესტიაში, 5 სექტემბერს 14:00 საათზე - ზუგდიდში, 6 სექტემბერს ოზურგეთში, ხოლო 7 სექტემბერს იგეგმება შეხვედრა ჭიათურაში.

"შეგახსენებთ, რომ ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი "ივერიისა" ახორციელებს, რომელსაც, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც. ეს, მართლაც უნკალური მშენებლობა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით ვაშენებთ.

ფონდ ,, ივერიისას,, მიერ შემოთავაზებული უნიკალური სქემა ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, 1 ლარს წირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას - თავისი ახლობლების , ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიცმილიონობით აღმშენებლის გვარ-სახელი შევა. მანამდე ეს გვარ-სახელები იტვირთება ფონდის სპეციალურ საიტზე www.MAKHATA.GE

ტაძრის კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს ტაძრის გუმბათზე ჯვრი აღიმართება. წინა დღით მახათას ტაძრის ჯვარი ეზოში იქნება დაბრძანებული, სადაც ჯვარს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა", - აცხადებენ ფონდში.