პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნეს

პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გახსნეს.

მათ  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის თანამედროვე ნავმისადგომი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ გამეზარდაშვილთან და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას ბერლინელთან ერთად ბათუმში საზეიმოდ გახსნეს.

თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას.

ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სანაპირო დაცვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ამერიკული მხარის დაფინანსებით სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „P-103“-ის სრული მოდერნიზება განხორციელდა, რომელსაც დღევანდელ ღონისძიებაზე სახელი „ბათუმი“ მიენიჭა.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერმა მიმართეს.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე ჯონ ჰორნერი საქართველოს შს სამინისტროს I ხარისხის მედლით დაჯილდოვდა „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, ხოლო შს სამინისტროს მედალიონით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდნენ: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) პარტნიორობის დამყარების სამმართველოს უფროსი დონ ბრაუნი, ამავე სამმართველოს პროექტის მენეჯერი ელიზაბეტ დუფრეინი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კრის ფლოიდი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის პროგრამების კოორდინატორი პაატა ენუქიძე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ახალი ნავმისადგომი დაათვალიერეს და ახალი საპატრულო კატარღით ზღვაში გაისეირნეს.