“მაქსიმალური კოორდინაცია უნდა გვქონდეს ყველა საელჩოსთან, განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნების”

“მაქსიმალური კოორდინაცია უნდა გვქონდეს ყველა საელჩოსთან, განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნების”

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი მიმდინარეობს.

კონფერენციის მეორე დღეს, მეოთხე პანელი რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის და სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხების განხილვას დაეთმო.

დღეს, ამბასადორიალის სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წარსდგა. მინისტრმა დიპლომატებთან უელსის სამიტის არსებითი პაკეტის მიმდინარე პროცესის, სხვადასხვა ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა.

„ამბასადორიალის ერთ-ერთი ამოცანაა გზავნილებისა და კონკრეტული აქცენტების კოორდინაცია იმ პოლიტიკაში, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ჩემი დღევანდელი საუბრის მთავარი მიზანიც, სწორედ, ეს იყო. მაქსიმალური კოორდინაცია უნდა გვქონდეს ყველა საელჩოსთან, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოებთან, ნებისმიერ თემაზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში ხდება აქტუალური. არის თემები, რომელიც მუდმივად დღის წესრიგშია. მაგალითად, ოქტომბერში ყოველ წელს იმართება მინისტერიალი. ამის პარალელურად ბევრ ქვეყანაში უამრავი რამ ხდება და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სრულ კოორდინაციაში იყოს ყველა უწყება ერთმანეთთან იმ კონკრეტულ გზავნილებზე, რომელიც გვსურს მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 2 სექტემბერს დაიწყო და 4 სექტემბერს დასრულდება.