ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ქვითარზე ოქტომბრიდან აისახება

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ქვითარზე ოქტომბრიდან აისახება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო.

როგორც მან კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური თითქმის 5 თეთრზე მეტით გაიზარდა, შესაბამისად ეს კომპანია „თელასის“ ტარიფში აუცილებლად უნდა ასახულიყო, სხვა შემთხვევაში „თელასი“ ელექტროენერგიის შესყიდვას უბრალოდ ვერ შეძლებდა.

მისივე თქმით, დღეს კომისიამ პრაქტიკულად ექვსი ახალი ტარიფი დაადგინა და საშუალო ზრდა 2,5 თეთრს შეადგენს. მილორავას თქმით, ოქტომბრის თვიდან მოქალაქეებისთვის უკვე შეცვლილი ტარიფი იმოქმედებს.

„ახალი ტარიფი ამოქმედდება დადგენილების გამოქვეყნებისთანავე, ტარიფები კი სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება. ტარიფი გაიყოფა პროპორციულად დღეების მიხედვით, ძველი ტარიფი რამდენ დღესაც დაითვლის იმდენივე აისახება ქვითარში, ძალაში შესვლის შემდეგ კი, უკვე ახალი ტარიფი იქნება“, - განაცხადა მილორავამ.

სემეკის თავმჯდომარემ კომპანია "თელასის" წარმომადგენლის განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც თუ კომისია მათ მიერ მოთხოვნილ ტარიფს არ დაადგენს, ამის გამო შესაძლოა თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდეთ.

„ესაა ბუნებრივი პროცესი როცა კომპანიას უფრო მეტის მოთხოვნა აქვს, ხოლო კომისია იმისთის არსებობს, რომ ხარჯების აუდიტი მოახდინოს, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ჩვენმა დეპარტამენტმა იმუშავა და ანალიზი გააკეთა. ხელფასების ნაწილში გავითვალისწინეთ ფაქტიური სახელფასო ფონდი რაც არის კომისიაში. ასევე გავითვალისწინეთ მასტიმულირებელი ფონდი. რაღაც ნაწილი მართლა არ გავითვალისწინეთ, მაგრამ კომპანიას რჩება მოგება, მას შეეძლება, თავისი შეხედულებისამებრ გასცეს ეს თანხები, იქნება ეს პრემია, წახალისება, თუ სხვა და ამაში კომისია ვერ ჩაერევა“, - განაცხადა მილორავამ.

ცნობისთის, დღეს სემეკმა თბილისისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ახალი ტარიფი დაადგინა. ტარიფი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვრებო ისე კომერციული სექტორისთვის.