წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა არის მცდელობა, საბანკო ზედამხედველობისა და საბანკო სისტემისადმი პოლიტიკური ეჭვები განეიტრალებულიყო

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა არის მცდელობა, საბანკო ზედამხედველობისა და საბანკო სისტემისადმი პოლიტიკური ეჭვები განეიტრალებულიყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ როგორ აფასებს იგი მისი პოზიციის გასხვავებას საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციისგან, რომელიც სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის როლს ეხება.

კვირიკაშვილის ქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება იმაში, რომ დღევანდელი ლარი 35%-ით ნაკლებად ფასობს დოლართან მიმართებაში, არასწორი იქნებოდა. მისივე თქმით, გამონაკლისს წარმოადგენდა ის შემთხვევები, როდესაც სებ-ი აგვიანებდა ჩარევას, რათა ემოციური რყევები გაენეიტრალებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიდა გაუფასურების იმ დონეს, რომელიც დღეს არის.

"ობიექტურად საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება იმაში, რომ დღვანდელი ლარი 35%–ით ნაკლებად ფასობს დოლართან მიმართებაში, არასწორი იქნებოდა. რეფინანსირების სესხები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იმ რესურსის დაბრუნებას საბანკო სექტორისთვის, რომელიც ბიუჯეტმა ისესხა სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით. გამონაკლისს წარმოადგენდა ის შემთხვევები, როდესაც სებ-ი აგვიანებდა ჩარევას, რათა ემოციური რყევები გაენეიტრალებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიდა გაუფასურების იმ დონეს, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება კანონს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო საქმიანობის გამოყოფას ითვალისწინებს, ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ის უნდობლობა, რომელიც გაჩნდა სებ-ის მენეჯმენტის მიმართ წარსულში განხორციელებული ზოგიერთი ქმედებიდან გამომდინარე.

"რაც შეეხება კანონს საბანკო ზედამხედველობისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, შეგნებულად არ ვამბობ ეროვნული ბანკის დაყოფას. ამ კანონის მიღების მიზეზი გახდა ის უნდობლობა, რომელიც გაჩნდა სებ-ის მენეჯმენტის მიმართ წარსულში განხორციელებული ზოგიერთი ქმედებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, გიორგი ქადაგიძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტარებისა და ზოგიერთი ექსპერტის კრიტიკის საპასუხოდ პოლიტიკური კონტრგანცხადებების კეთებას აყვა, ამ მომენტში პროფესიონალური დისკუსიის ველი გაქრა და მოხდა საკითხის მთლიანად პოლიტიზირება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ წარმოადგინა, ერთგვარი მცდელობა იყო, რათა საბანკო ზედამხედველობის მიმართ პოლიტიკური ეჭვები განეიტრალებულიყო და მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ სპეკულაციები დასრულებულიყო.

"კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ის შენიშვნები, რომლებიც გამოითქვა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, თუმცა იყო ემოციური მესიჯებიც, რომლებმაც არასწორი სიგნალები გააგზავნეს ინვესტორების მიმართულებით. რამდენად მივიღებთ სასურველ შედეგს ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა ძნელია. თუმცა შემოთავაზებულ მოდელში საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამო არაფერია და ასეთი სისტემა გამართულად ფუნქციონირებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში. მე, რომ ვყოფილიყავი გიორგი ქადაგიძის ადგილას, როდესაც უნდობლობამ პიკს მიაღწია და საფრთხე გაჩნდა არამარტო საბანკო ზედამხედველობის, არამედ მთლიანად სისტემის მიმართ სახიფათო უნდობლობისა, აუცილებლად გადავდგამდი ადეკვატურ ნაბიჯს, რათა სიტუაცია განმუხტულიყო", - აღნიშნავს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

მისივე თქმით, "არსებულ სიტუაციაში მიმდინარე ემოციური ფონის განეიტრალებისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის მხრიდან გახლდათ – პრემიერის ინიციატივა გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური კომპონენტი და მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში მთავრობას, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მივაღწიოთ სავალუტო სტაბილიზაციას.

"ეს იყო აბსოლუტურად სწორი გამოსავალი, რამაც შედეგი უკვე გამოიღო და ბოლო დღეებში ჩვენ აღარ გვაქვს რყევები სავალუტო ბაზარზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.