იმ ქართულმა კლუბებმა, რომლებსაც ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლება არ აქვთ, ფეხბურთის ფედერაციაში განცხადებები შეიტანეს და სფფ-ის წევრობა მოითხოვეს.
„დღეს სწორედ „რუსთავია“ ის კლუბი, რომელიც ქალაქ რუსთავის საფეხბურთო ინტერესებს გამოხატავს. კლუბი თამაშობს პირველ ლიგაში და ასი პროცენტით ადგილობრივი მთავრობისგან ფინანსდება. რაც მთავარია, ჩვენ ვართ რუსთავის „ოლიმპის“ სამართალმემკვიდრე, „ოლიმპი“ კი ფედერაციის წევრიც იყო და საარჩევნო ხმის უფლებაც ჰქონდა“, - განაცხადა „რუსთავის“ დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა.
ხობის „კოლხეთის“ დირექტორს კი არ ესმის თუ რატომ არ უნდა მიიღოს კლუბმა ფედერაციის წევრობა.
„ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა სამეგრელოდან ოთხმა კლუბმა შეიტანა - ხობის „კოლხეთმა“, წალენჯიხის „სქურმა“, ჩხოროწყუს „სამეგრელომ“ და ზუგდიდის „ოდიშმა“. ვერ გეტყვით, რას მივაღწევთ, ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. თუმცა არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღოს ფედერაციის წევრობა და საარჩევნო ხმის უფლება უმაღლეს, ან პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბმა“, - აღნიშნა ხობის „კოლხეთის“ დირექტორმა კობა კობახიძე.