კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, მარინა კახიანი, გურანდა გაბუნია, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთი დოლიძე, თაკო ჩხეიძე, დათო გომართელი, გია ბაღაშვილი, რეზო გიგინეიშვილი, ელდარ შენგელაია, დავით ევგენიძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, რობერტ სტურუა... - როგორი ჩამონათვალია? თანაც ეს არასრული სიაა იმ ადამიანებისა, რომლებიც, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიმე საკონცერტო დარბაზის გახსნას, თეატრალურ წარმოდგენას, სოლო-კონცერტს ან მსგავს კულტურულ ღონისძიებას კი არა, ფეხბურთის ფედერაციის ჯერაც გენმდივან რევაზ არველაძის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. დიახ, იმაზე გაცილებით მეტი ცნობადი სახე, ვიდრე ჩვენი ბეჩავი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ტურს ერთად. უცნაურია, არა?
3 ოქტომბერს გასამართი სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა კამპანია უკვე საკმაოდ მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. კანდიდატები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ შეხვედრებს, ითვლიან შანსებს, აანალიზებენ შეცდომებს, თუმცა სათქმელია, რომ სამივე ოფიციალური კანდიდატი აბსოლუტურად განსხვავებულად უდგება საქმეს - ვეტერანი ფეხბურთელი და საერთო მოსაზრებით, გულშემატკივართა რჩეული ლევან კობიაშვილი საფეხბურთო სამყაროსთან შეხვედრებითაა დაკავებული, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია პრესკონფერენციების ჩატარებასა და ფედერაციაში მიმდინარე დარღვევებზე ამახვილებს აქცენტს, არველაძე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზღვრებს გასცდა და ლამის მთელი სანაცნობო წრე დაპატიჟა თავისი პროგრამის გასაცნობად.
ჩვენი ხელოვნების წარმომადგენლების საწინააღმდეგო, აბა, რა უნდა გვქონდეს, მაგრამ ცოტა არ იყოს, უცნაურია, რატომ უნდა მოეწონოს, ვთქვათ, ნანი ბრეგვაძეს ამა თუ იმ კანდიდატის პროგრამაში გაწერილი პუნქტები, ან რა შენიშვნები შეიძლება გააჩნდეს, დავუშვათ, ნინო ანანიაშვილს რომელიმე საფეხბურთო პროექტთან, თუმცა ამის დამალვა მაინცდამაინც არც თავად სტუმრებს უცდიათ და რამდენიმემ შეხვედრის შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში, ლამის ერთ თარგზე მოჭრილი კომენტარიც გააკეთა: ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საარჩევნო პროგრამას, დარწმუნებული ვარ რეზიში და მჯერა, პროგრამაც ძალიან კარგი ექნებაო...
ვერაფერს იტყვი, შესაშური მხარდაჭერაა. აი, ზუსტად ამაზეა ნათქვამი, კარგ მეგობარს შეგიძლია ბრმად ენდოო.
თუმცა იმაზე, რაზეც შესაძლოა მეგობარმა დღეს თვალი დახუჭოს, ქართველი ქომაგები დიდ აგრესიას გამოხატავენ და ალბათ სამართლიანადაც. აბა, ვის არ ახსოვს, რომ დღეს საქართველოს ნაკრები რეიტინგში ყველაზე უარეს, 154-ე ადგილზეა? ან თუნდაც ამ ზაფხულის ქართული კლუბების ევრო-ფიასკო როგორი დასავიწყებელია? ან საქართველოს ჩემპიონატის ყოვლად უინტერესო მატჩებზე ვთქვათ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი პატივცემული საზოგადოებაც ქართულ სტადიონებზე რომ იშვიათად გვინახავს? როგორ დავუჯეროთ მათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?..
გამორიცხული სულაც არ არის, რომ არველაძეს მართლაც კარგად ჰქონდეს ნამუშევარი პროგრამაზე და, ბუნებრივია, მისი განხორციელების გზებზეც ექნება ნაფიქრი, მაგრამ... როგორ შევხედოთ მის პრეზენტაციაზე მისული ბიზნესმენების, ლევან ვასაძისა და თემურ ჭყონიას ნაბიჯს? ნუთუ ისინი მართლაც დაინტერესებულნი არიან ქართული ფეხბურთის ბედით და აქამდე სერიოზული ვერაფერი მოიმოქმედეს?
როგორ დავიჯეროთ ყბადაღებული თემა „მთავრობის მიერ კობიაშვილის ლობირება“ მაშინ, როცა არველაძის საღამოზეც არაერთი ადამიანი დავინახეთ სამთავრობო კოალიციიდან? რას უნდა მივაწეროთ გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, ირაკლი ტრიპოლსკის მხარდაჭერა?
და ბოლოს ერთი რიტორიკული შეკითხვაც: წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნება, ხვალ ფილარმონიის დირექტორის არჩევნები რომ იმართებოდეს და საპატიო სტუმრების წინა რიგში ისხდნენ ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, სერგო კუტივაძე და სხვა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელები?!