გიორგი კვირიკაშვილი - ეროვნული ბანკის როლი ლართან დაკავშირებულ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური

გიორგი კვირიკაშვილი - ეროვნული ბანკის როლი ლართან დაკავშირებულ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური

ჩემი განცხადება შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს ან მოეწონოს, მაგრამ ეროვნული ბანკის როლი ლართან დაკავშირებულ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა "პოლიტარტში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის უფრო აქტიური ჩარევის შედეგად, შესაძლოა, ემოციური კომპონენტი მოხსნილიყო, მაგრამ გაუფასურების დონე ვერ შეიცვლებოდა.

"დაახლოებით 35 %-იანი დევალვაცია ნამდვილად არ არის გამოწვეული მთავრობის უმოქმედობით ან არასწორი ნაბიჯებით. თუ შევხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების დევალვაციას დოლართან მიმართებაში, აბსოლუტურად იგივე დონის დევალვაციასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, გამომდინარე ამა თუ იმ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ბალანსიდან, გვაქვს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დევალვაცია, რაც მათემატიკურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ჩვენი ვალუტა ამ კანონზომიერებიდან ამოვარდნილი რომ იყოს, მაშინ შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ შექმნილი სიტუაცია შიდაეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული. 

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ჩემი განცხადება შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ან მოეწონოს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკის როლი ამ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური. იყო მომენტები, როცა ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო, რათა კურსის მოძრაობაში ემოციური ნახტომები მოხსნილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩარევა მოხსნიდა ემოციურ კომპონენტს იმ მომენტში, თუმცა გაუფასურების დონეს ვერ შეცვლიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არსებული სიტუაცია გამოწვეულია იმ საგადამხდელო ბალანსით, რაშიც არის ბევრი კომპონენტი შესული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის აზრით, თუ რაიმე დამატებით უარყოფითი მოვლენები არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ვალუტა უნდა გამყარდეს.

"პრემიერის ხელმძღვანელობით ბოლო პერიოდში მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. ყველანაირი მოდელირება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მათ შორის ძალიან პესიმისტური და კონსერვატიული მოდელირებებიც კი, აჩვენებს, რომ ქვეყანაში დღეს არის ჭარბი ვალუტა, დადებითი ბალანსი, რაც ემოციური ფონის მოხსნის შემთხვევაში გაამყარებს ეროვნულ ვალუტას. ეს არის რეალობა. ასე რომ, თუ რაიმე დამატებითი უარყოფითი მოვლენები არ მოხდა, მე ნამდვილად ველოდები, რომ ჩვენი ვალუტა უნდა გამყარდეს", - აღნიშნა მან.