გიორგი კვირიკაშვილი - ევრაზიის კავშირი არის არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია

გიორგი კვირიკაშვილი - ევრაზიის კავშირი არის არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია

ჩვენი რაიმე სახის ურთიერთობა, გაერთიანება ევრაზიის კავშირთან არის აბსოლუტურად წარმოუდეგენლი, რადგან ის არის არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან , რომელიც საქართველოს გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტარტში" სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადებამ სამწუხარო და სასაცილო რეაქცია გამოიწვია. 

"მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც ეს რეაქციები გაახმოვანეს. იმ ადამიანებს წესით აქვთ ის გამოცდილება, რომ მესიჯები სწორად წაიკითხონ. მე მგონია, რომ აქ იყო შეგნებული დამახინჯება იმისა, რაც მე ვთქვი. ჯერ ერთი, არ მითქვამს, რომ თანაბარწილად უნდა ვიურთიერთოთ. ძალიან მკაფიოდ გამოვკვეთე პირველივე ფრაზაში, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტი იქნება პოლიტიკური დღის წესრიგი და ეს იქნება ევროპასთან ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამის შემდეგ ვთქვი, რომ ბევრი რამ ხდება საინტერესო ევრაზიის კონტინენტზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ჩინეთთან იმ მზარდ ურთიერთობებზე, რომელშიც მე ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე რამოდენიმე ვიზიტით. შედეგად მივიღეთ ის, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ აბრეშუმის გზის საქართველოს გავლით პროექტების განხორციელებაზე. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით მიზანშეწონილობის კვლევა გავაკეთეთ და დღეს უკვე მთავრობაში იხილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი ჩინეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორი მოვლენაა და ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი დივიდენდების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები იყო ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური სპეკულაცია.

"ძალიან მნიშნველოვანია ირანში მიმდინრე პროცესები და დასავლეთთან მოლაპარაკება ირანის. აქაც შეგვიძლია, რომ ძალიან დიდი დივიდენდები მივიღოთ, ეკონომიკური დივიდენდები. სამწუხაროდ ზოგიერთმა ტელევიზიამ აბსოლუტურად მოჭრა ჩემი განცხადების პირველი ნაწილი და აჩვენეს მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც მგონია, რომ არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მათი პროფესიისადმი. ასეთი გზით განცხადების გადაცემა, ჯერ ერთი ამახინჯებს მთლიანად განცხადების არსს და მგონია, რომ ეს იყო ერთიანი სცენარის ნაწილი. ევრაზიის ხსენებაზე, ევრაზიის კონტინენტსა და ევრაზიის კავშირს შორის თუ ვინმე ვერ ამჩნევს განსხვავებას, ალბათ მათი პრობლემაა და, ჩემი აზრით ძალიან მძიმე შემთხვევაა. ევრაზიის კავშირს სამწუხაროდ გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გრავიტაციის კომპონენტი. ამ პირობებში ჩვენი რაიმე სახის ურთიერთობა, გაერთიანება ევრაზიის კავშირთან არის აბსოლუტურად წარმოუდეგენლი, რადგან ის არის არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთბებს ევრაზიის კავშირის და და საბაჟო კავშირის შემადგენელ ქვეყნებთან, ჩვენ ყველა მათგანთან გვაქვს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთბები და ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდრე ევრაზიის კავშირთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ ევრაზიის კავშირი არის მნიშვნელოვნად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი კავშირი და ამ პირობებეში, როდესაც ის არის აბსოლუტურად არათავსებადი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, საერთოდ აზრს მოკლებულია რაიმე ტიპის განხილვა და არც მიმდინარეობს ასეთი ტიპის განხილვა. კონტინენტს სახელს ვერ გადავარქმევთ და მომავალში, რომ ვიტყვით ხოლმე, შეგვიძლია, ხეზე დავაკაკუნოთ სამჯერ ან ევრაზიის ხსენებაზე თითები გადავაჯვარედინოთ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა რაიმე არ იფიქრონ. საერთოდ, ეს არის ჩემთვის აღმოჩენა, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ გაყინული სტერეოტიპებით, ჩამოყალიბებული, ბრჭყალებში ჩასმული ნარატივებით, მეტყველებენ როგორც წინასწარ დაპროგრამებული არსებები. თუნდაც ლექსიკაში რაიმე ტიპის გადახვევა რომ ასეთ ისტერიას იწვევს, ჩემთვის ეს არის ძალიან ცუდის მაჩვენებელი. არ ვიცი, რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე. მე არასოდეს ასეთი სტერეოტიპებით არ მიხელმძღვანელია, ყოველთვის, ჩემი ცხოვრების განმვალობაში საღ აზრს მივყვებოდი და ის საღი აზრი იმ მომენტში რასაც მიკარნახებს, იმას ვიტყვი. მე კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მნიშვნელოვან გადახვევასთან მქონდა ადგილი, მაგრამ საერთოდ საღი აზრის მიყოლა ყოველთვის სჯობს, როდესაც ეს საღი აზრი ემთხვევა აბსოლუტურად ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით იუმორისტული ჟანრის გადახვევის გარეშე ვერ ვისაუბრებ, რადგან აბსოლუტურად არაჯანსაღი რეაქციები გამოიწვია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.