უნგრეთის დედაქალაქში ცენტრალური რკინიგზის სადგური მიგრანტებისთვის გახსნეს. თუმცა, ისინი გამგზავრებას ჯერ ვერ ახერხებენ. "ბიბისის" ცნობით, ვიდრე მატარებლის ბაქანზე თავშესაფრის მაძიებლებს გაუშვებდნენ, პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
მიგრანტები უკვე მესამე დღეა ბუდაპეშტის ცენტრალურ სადგურში არიან დაბანაკებულები და ქვეყნის მთავრობას გერმანიასა და სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრების ნებართვას სთხოვენ. მათი თქმით, მატარებლის ბილეთები ნაყიდი აქვთ, თუმცა, გამგზავრებას ვერ ახერხებენ.
უნგრეთის მთავრობაში კი განმარტავენ, რომ ისინი საზღვრების დაცვის მიზნით, არ უშვებენ მიგრანტებს სხვა ქვეყანაში. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დუბლინის შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვოს, სადაც ის პირველად ჩავა. ბოლო პერიოდში აფრიკელი და აზიელი მიგრანტების რიცხვმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით 14 სექტემბერს ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სხდომას გამართავენ.