საქართველოში ქონების დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა და ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიების რაოდენობა იზრდება. ამასთან, კომპანიების ნაწილმა სამედიცინო დაზღვევის ღირებულება 10–15%–ით გააძვირა, რაც ლარის გაუფასურების შედეგია.
გარდა ამისა, ინდუსტრიამ 2015 წლის I ნახევარი 2,26 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 2014 წლის ანალოგიური პერიოდში მან დაახლოებით 9 მლნ–იანი მოგება მიიღო.
ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემები, რომლებსაც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მოზიდული პრემიების მოცულობით ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერი “იმედი ელია” 42 მილიონ ლარზე მეტი მოზიდული პრემიით. მეორეა “ალდაგი” (40,6 მილიონი), მესამე კი “ჯიპიაი ჰოლდინგი” 38 მილიონი ლარის პრემიით. მეოთხე ადგილზე განთავსდა “უნისონი” 16,5 მილიონი ლარის პრემიით, ხოლო მეხუთეზე “არდია“ 14,7 მილიონით. ჯამში, ყველა სადაზღვევო კომპანიამ ერთად თითქმის 208 მილიონი ლარის პრემია მიიზიდა.
შარშან ჯამური მაჩვენებელი ნაკლები იყო და 158 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ცალკეულ კომპანიებს, შარშან ლიდერი “ალდაგი” იყო (48 მილიონით), მეორე “ჯიპიაი ჰოლდინგი“ (43,6 მილიონამდე), ხოლო მესამე “ირაო” 16,2 მილიონით. შემდეგ მოდიოდა “არდი” 14, 1 მილიონით და “უნისონი” 9,2 მილიონით.
ანაზღაურებული ზარალის მხრივ წელს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ბაზრის ლიდერი “იმედი ელია” – 22,7 მილიონი ლარით, მას მოსდევს “ჯიპიაი ჰოლდინგი” 15,6 მილიონით, მესამეა “ირაო” 6,4 მილიონი ლარის ანაზღაურებული ზარალით, “ალდაგი” 8,1 მილიონით, ხუთეულს კი “პეესპე” ასრულებს 8,5 მილიონი ლარით. ჯამში, შარშან, მოზიდული პრემიიდან – 158 მილიონიდან 71,7 მილიონი ლარის ანაზღაურება მოხდა. წლევანდელი 208 მილიონიდან კი კომპანიებმა ჯამში 84,1 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურეს.
სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენლის გიორგი გიგოლაშვილის განმარტებით, აღნიშნულ მაჩვენებლის მიხედვით, შარშან, ინდუსტრიის ზარალიანობამ 45% შეადგინა, წელს კი 41%, რაც ახლოსაა შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან. როგორც სტატისტიკიდან ვხედავთ, თანხობრივად წელს დაახლოებით 12,4 მილიონი ლარით მეტის ზარალის ანაზღაურება მოხდა, რაც ბუნებრივია სადაზღვევო პრემიის ზრდის ფონზე.
გიორგი გიგოლაშვილი კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს – სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში მატება შეინიშნება – წელს, ორი კვარტლის მონაცემებით, მოზიდული პრემია 13,5 მილიონი ლარითაა გაზრდილი, თუმცა პოლისების რაოდენობა პრაქტიკულად იგივეა (410 ათასი), შესაბამისად, მოზიდული პრემიის ზრდა რიგი კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევის ღირებულების მატებას უკავშირდება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრად მეტად გაუძვირდა სადაზღვევო კომპანიებს ის სერვისი თუ პროდუქტი, რომელსაც დაზღვეულებისთვის ყიდულობდნენ (მედიკამენტი, სამედიცინო კვლევები, ავტონაწილები, გადაზღვევა და ა.შ.)
ჯანმრთელობის დაზღვევაში მოზიდული პრემიის გაზრდის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. მისი თქმით, ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის შსს-ს ტენდერზე, რომელიც შარშან და შარშანწინ მოზიდვებში არ ჩანდა, რადგან 2012 წელს შსს-ს დაზღვევის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა ორ კომპანიასთან და სამივე წლის მოზიდვა 2013 წელში ჩაითვალა. წელს თავიდან გაფორმდა იგივე კონტრაქტი, ამჯერად 2 წლით და ახლაც კონტრაქტის ორივე წლის ღირებულება მოხვდა ამ წლის მოზიდვებში.
17 მილიონით მეტია მოზიდული ქონების დაზღვევაზე. შარშან წლის დასაწყისიდან ამ სეგმენტში დაახლოებით 40 ათასი პოლისი იყო მოზიდული, წელს კი ამ რაოდენობის მკვეთრი, 50 ათასამდე მატება დაფიქსირდა, რასაც გიორგი გიგოლაშვილი ქონების დაზღვევის მიმართულებით კომპანიების გააქტიურებას უკავშირებს.
მიხეილ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ქონების დაზღვევის შიდა ბაზრის დიდი რეალური ზრდა არ მომხდარა.
„ძირითადად საერთაშორისო მზღვეველების რისკების ადგილობრივი მზღვეველების მიერ (ალდაგი, უნისონი) რისკების ტექნიკური გატარების (ფრონტინგის) გამო შეიქმნა მკვეთრი ზრდის ილუზია.
ამას ადასტურებს სტატისტიკაც – მოზიდული პრემია გაიზარდა 100%-ით (17-დან 34 მილიონამდე), მაშინ როდესაც პოლისების რაოდენობა გაიზარდა 25%-ით.
ეს ნიშნავს, რომ რამოდენიმე ისეთი პოლისი გამოიწერა, რომლის სადაზღვევო პრემია ძალიან დიდი იყო,”- აღნიშნავს ჯაფარიძე.
9,3 მილიონი ლარის მატებაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მიმართულებით. პოლისების რაოდენობა კი 30–დან 45 ათასამდეა გაზრდილი. გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების და ბაზრიდან სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების გასვლის ფონზე კომპანიები ქონების (ავტომობილები, უძრავი ქონება) დაზღვევის მიმართულებით გააქტიურდნენ. გიგოლაშვილის შეფასებით, ეს ტენდენცია ამავდროულად ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის გარკვეულ გაუმჯობესებას აჩვენებს.
ბაზრის სხვა ტენდენციებზე საუბრობს მიხეილ ჯაფარიძე:
„2015 წლის პირველი 6 თვე საერთო ანგარიშით უფრო მეტად ზარალიანია, ვიდრე 2014 წლის ანალოგიური პერიოდი. კერძოდ გამომუშავებული პრემიისა და გადახდილი ზარალის შეფარდებისას ვხედავთ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრუტო საოპერაციო ზარალი გაზრდილია 57%-დან 66%-მდე, ანუ დაახლოებით 15%-ით, ხოლო ნეტო საოპერაციო ზარალი გაზრდილია 64%-დან 72%-მდე, ანუ დაახლოებით 12%-ით.
ზარალის ზრდის მიზეზია ლარის გაუფასურება, თბილისის სტიქია, ზარალები აგროდაზღვევაში.
განსაკუთრებით დაზარალდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარი. ამ მიმართულებით მარჟა ისედაც ძალიან დაბალია ან საერთოდ არ არის. ფასების მატების გამო საშუალო საოპერაციო ზარალი გაზრდილია 86%-დან 97%-მდე ანუ 12%-ით, რის გამოც ამ მიმართულებით თუ გავითვალისწინებთ ადმინისტრირების დანახარჯებს (ხელფასები, კომუნალური და სხვა ხარჯები) საერთო კომიბინირებული ანუ ჯამური ზარალი დაახლოებით 120%-ია, ანუ ინდუსტრია თითოეულ მიღებულ 1 ლარზე, დაახლოებით 1.20-ს ანუ 20%-ით მეტს ხარჯავს. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ამ ე.წ. „კომბინირებული ზარალიანობის“, სადაც შედის ყველა ადმინისტრაციული დანახარჯი, გათვალისწინებით რეალურად ყველა კომპანიის სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ზარალზეა. ზოგს მეტი უარყოფითი რეზულტატი აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველასთვის რეზულტატი სამედიცინო დაზღვევაში, რომელიც მთელი ბაზრის 50%-ია, უარყოფითია.“