ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი დარწმუნებულია, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად, შვიდი წლის ვადით, "ბიძინა ივანიშვილის პაჟი დაინიშნება".
როგორც გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ივანიშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში და ვინ იყოს მისი ხელმძღვანელი.
"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მას და მის პოლიტიკურ ძალას ხალხის მხარდაჭერა აღარ გააჩნია და მომავალ არჩევნებს აუცილებლად წააგებს. ამიტომ ცდილობს, ყველა შესაძლო სფეროზე ყველა ძალით შეინარჩუნოს ზეგავლენა და ბერკეტები. ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფროსად, ექვსი წლის ვადით, სამეფო კარის პაჟი დაინიშნა და მთავრობის შეცვლის შემდეგ მას არაფერი შეეხება. ახლა კი ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვან საბანკო სექტორის ზედამხედველად მის პაჟს ვიხილავთ - დანიშნულს შვიდი წლის ვადით, რომელსაც მთავრობის შეცვლის შემდეგ არაფერი შეეხება. ერთადერი კითხვა არის ის, თუ რომელი სტუქტურა იქნება შემდეგი და კიდევ რა არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესი", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
პარლამენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ პროექტიზე მსჯელობს.
პრეზიდენტს ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ცალკე სსიპ-ის - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება მიზანშეუწონლად მიაჩნია. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება - ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა.