ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მე მათ გავაცანი ჩემი ზოგადი ხედვა და ვისაუბრეთ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. ასევე განვიხილეთ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიცაა ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით, რომელშიც მოიაზრება რეგიონალური ცენტრების შექმნა, რაც პირდაპირ კავშირში იქნება რეგიონალურ ფედერაციებთან. პროექტი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ბავშვთა საფეხბურთო სწავლების პროფილის ჩამოყალიბებას. პროექტში დეტალურად და სტრუქტურულად გაწერილია ყველა სამოქმედო ნაბიჯი. შეხვედრას დადებითი შედეგი ქონდა, რადგან მე მოვისმინე რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლების მოსაზრებები, მათი პრობლემები, ვუპასუხე მათი მხრიდან დასმულ კითხვებს. ასევე ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ადგილზე სიტუაციის გაცნობას“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
აჭარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა კი იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში ღირსეული გაიმარჯვებს.
„ამ შეხვედრაზე კანდიდატმა გაგვაცნო თავისი ხედვა და დაგვპირდა, რომ რეგიონში გვესტუმრება. ის ზოგადად რეგიონებში, ყველა ფედერაციაში ადგილზე მივა უკვე თავისი მზა პროგრამით. ჩვენ გავეცნობით ყველა კანდიდატის პროგრამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ღირსეული გაიმარჯვებს“, - განაცხადა სულხან გოგიბერიძე.