"გავა საუკუნეები, ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და იზეიმებენ ჩვენს ძმობას"

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება დამსწრეთ მიულოცა და ბიძინა ივანიშვილს ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელი ხალხის დიდი მეგობარია და მისი დამსახურებაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის ძმობა და მეგობრობა გაძლიერდა.

„ეს სინაგოგა აღადგინა თქვენმა მეგობარმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომელიც არის გამორჩეული მეგობარი ებრაელი ხალხის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაძლიერდა ჩვენს შორის 26 საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა. მისი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ისრაელში და მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს აქ შეკრებილებს მოგვეცა საშუალება ერთად ვიზეიმოთ ონის სინაგოგის 120 წლისთავი", - აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს მიმართა. 

„ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველებისა და ებრაელების ძმობის, ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობის. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს ქართველ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ ცხოვრობდნენ ონში და დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს. აქ იმყოფებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. ონის სინაგოგა აშენდა 120 წლის წინ ქართველების და ებრაელების ხელით. მივესალმები ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს. თქვენთვის საქართველო მეორე სამშობლოა, თქვენ აქ ხართ სტუმრებიც და მასპინძლებიც. ამიტომ, მთელი სიყვარულით და პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობას და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ონის სინაგოგის რესტავრაციისთვის. მისი განცხადებით, საქართველოში მდებარე ყველა სინაგოგის, მათ შორის 120 წლიანი ონის სინაგოგის აღდგენა–რესტავრაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა. 

იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება დღეს სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სიდიდითა და სილამაზით გამორჩეული ონის სინაგოგა მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს და იგი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის ერთ–ერთი სიმბოლოა. ონის სინაგოგის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა.