ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ მოინახულა.
დამშრობი სისტემის არხზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჭანუყვაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბადრი გობრონიძემ და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ხარაბაძემაც დაათვალიერეს.
დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით 200 ჰა მიწა გახდება ვარგისი, ამასთან იქ მაცხოვრებელ ოჯახებს, რომელთაც პრობლემები ექმნებოდათ - იტბორებოდა მათი საცხოვრებელი სახლები და ეზოები, საშუალება მიეცემათ ისარგებლონ ამ გაუმჯობესებით.
„ეს მასშტაბით უპრეცენდენტო სამუშაოებია. გარე სავარგულების წყალგამყვანი დამშრობი არხების გაწმენდა, დაახლოებით, 30 წელია არ ჩატარებულა. აღნიშნულის გამო, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხე არა მარტო გარე სავარგულებს ემუქრებოდა, ასევე, საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობასაც. წყალშემკრები და წყალგამყვანი დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია დაშრობილ ფართობებზე მოსავლიანობის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდი „საქართველოს მელიორაციას“ გაწეული სამუშაოებისთვის“ ,- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძე.
გურიის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება, შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ რიონი–ჩოლოქის სერვის ცენტრი აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობს: წყალმიმღებისა და წყალგამყვანი არხების კალაპოტებში მცენარეების, დალექილი ნატანისა და გარეშე საგნების ასევე, ზედაპირული ჭარბი და მიწისქვეშა წყლის, შეტბორვებისა და შეგუბებების გარეშე, შეუფერხებელ გაყვანას.