3 წელია ხელისუფლებაში ხართ და კონკრეტული მიღწევა მითხარით

3 წელია ხელისუფლებაში ხართ და კონკრეტული მიღწევა მითხარით

ელექტროენერგიის ტარიფი, რომელსაც მოსახლეობას ჰპირდებოდით რომ გაამესამედებდით, იზრდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ვიცით, რომ რეგიონებში ელექტროენერგია თითქმის 4 თეთრით გაძვირდა. იგეგმება გაძვირება თბილისში. გაზი გაძვირდა კომერციული სტრუქტურებისთვის. ამ პირობებში ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ. ჩვენ რომ გადავთვალოთ თითოეული ადამიანის ხელფასი დოლართან მიმართებაში, რა თქმა უნდა, შემცირებულია, რთულ ვითარებაში არიან ოჯახები, რომლებსაც აქვთ კრედიტები, რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პენსიის ანაბარა არიან. გაძვირებული ტარიფი კომერციული მომხამრებლებისთვის, პირველ რიგში, პირველადი მოხმარების პროდუქტებს აძვირებს, მაგალითად, პურს, ასევე სხვა პირველადი მოხმარების საგნებს. ელექტროენერგიის ტარიფი, რომელსაც მოსახლეობას ჰპირდებოდით რომ გაამესამედებდით და რამდენიმე თეთრი გახდებოდა, ამის ნაცვლად იზრდება. იზრდება იმიტომ, რომ არასწორი პოლიტიკა გქონდათ თავიდანვე ამ ყველაფერში", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ზოგადად მსოფლიოში კრიზისია, რასაც ხელისუფლება ხშირად აბრალებს, არამედ იმაშია, რომ მოქმედ მთავრობას არანაირი ხედვა და გეგმა არ გააჩნია, თუ როგორ აპირებს ამ ყველაფრის მოგვარებას.

"3 წელია ხელისუფლებაში ხართ და კონკრეტული მიღწევა მითხარით. 3 მსხვილი საინვესტიციო პროექტი დამისახელეთ, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. მითხარით ერთი წარმატებული პროექტი, სადაც 500 ადამიანი დასაქმდა. მითხარით, კონკრეტული მშენებლობა, რომელიც თქვენ დაიწყეთ. მე დაგისახელებთ არაერთ გაჩერებულ პროექტს, არაერთ გაქცეულ ბიზნესმენსა და საინვესტიციო ჯგუფს, არაერთ პრობლემას. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ჩვენ რასაც ვაცხადებთ პოლიტიკური პოპულიზმია. ხალხის გაჭირვება პოლიტიკური პოპულიზმი არ არის. დღეს ადამიანებს უფრო უჭირთ, ვიდრე უჭირდათ გასულ წელს, იმის წინა წელს. სამწუხაროდ, ამ ადამიანების თვალში იმედის ნაპერწკალი ქრება, ეს არის დიდი პრობლემა", - განაცხადა ვაშაძემ.