"ქართული ოცნება" მედიასივრცეზე სრული კონტროლის განხორციელებას ცდილობს

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება"  მედიასივრცეზე სრული კონტროლის განხორციელებას ცდილობს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ქვეყანაში მედიასივრცეზე სრული კონტროლი განახორციელოს.

როგორც შალვა შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო პერიოდში მეტად სახიფათო ტენდენციები შეინიშნება.

"მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა ინსტიტუტი, რითაც ირღვევა ხელისუფლების შტოებს შორის განაწილების და კონტროლის დემოკრატიული პრინციპი, რასაც საბჭოური ტიპის ერთპარტიული ტოტალური მმართველობისკენ მიყავს ჩვენი ქვეყანა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან, ასევე ის საკანონმდებლო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა ბოლო პერიოდში. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერ დავიჯერებ, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დავა მართლა ყოფილმა მეპატრონეებმა წამოიწყეს და ამაში "ქართული ოცნების" ხელი არ ურევია", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რთული დასაჯერებელია, რომ "იმედმა" საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მისი მაუწყებლობის ყველაზე მეტად რეიტინგული გადაცემები, თან ეს გააკეთა წინასაარჩევნო წლის დასაწყისში. "ცხადია ამ სეგმენტის დახურვა "იმედზე", ხელისუფლების ჩარევის შემდეგ მოხდა", - აღნიშნა შავგულიძემ.

მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული იქნა კანონპროეტი "პროკურატურის შესახებ".

"ამ კანონპროექტით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო და სამთავრობო პროგრამების საწინააღმდეგოდ არ მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზირება, არამედ ის მთლიანად დაექვემდებარა აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალას და ამან კიდევ უფრო საშიში და ფარული სახე მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობა მიერ მიღებული იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ფუნქცია ჩამოერთვა ეროვნულ ბანკს.

"ქართული ოცნება" ცდილობს განახორციელოს სრული კონტროლი ქვეყანაში მედიასივრცეზე და სხვა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, მხარს ნუ დაუჭერთ ჩვენს ქვეყანაში ტოტალური მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობას, ქართული საზოგადოება ამას მაინც არ დაუშვებს", - განაცხადა შავგულიძემ.