საგარეო საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკაში ვიზიტი გეგმაშია. ამის შესახებ თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალის მიმდინარეობისას, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის, ლორა ლიდერმანის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"თქვენ იცით, რომ გეგმაში არის საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით და დგინდება კონკრეტული შეხვედრების გრაფიკი. ვიზიტი შედგება და პროგრამის საქმის კურსში იქნებით", - განუცხადა ფხალაძემ ჟურნალისტებს.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ლორა ლინდერმანმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა აშშ-ში მეტი ვიზიტი, ურთიერთობებს უფრო მეტად წაადგება.
მისი თქმით, ამ მხრივ, შესანიშნავი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ჩასვლა.
"ვფიქრობ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი იყო და მან ორი ქვეყნის ურთიერთობა წინ წაიყვანა. ვიზიტს დადებითად შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მეტი ვიზიტი ურთიერთობებს უფრო მეტად წაადგება. ვთქვათ, შესანიშნავი იქნებოდა პრეზიდენტის ჩამოსვლა. ვიზიტები შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლინდერმანმა.