საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის დღეებში ლაშა აბაშიძემ თავი როგორც კარგმა მენეჯერმა ისე წარმოაჩინა.
ნუგზარ მალაღურაძემ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს ოპოზიციური წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე საკადრო ცვლილებას ეხებოდა.
ნუგზარ მალაღურაძის თქმით, ლაშა აბაშიძეს დიდი ხანია იცნობს და მან თავი წარმოაჩინა როგორც კარგმა მენეჯერმა.
"ამის დასტურია ექესტრემალურ სიტუაციაში მისი ქმედება თბილისში 13 ივნისის ტრაგედიის დროს. ექსტრემალურ სიტუაციებში შევიდა და მიიღო სწორი გადაწყვეტილებები", - აღნიშნა მალაღურაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიაში სისტემური საკადრო ცვლილებების განხორციელების საჭიროებას იგი ვერ ხედავს.
"ოპოზიცია ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება და მათგან კონკრეტული ვერასდროს ვერაფერი მოვისმინე", - აღნიშნა მალაღურაძემ.
უმრავლესობის დეპუტატი საუბრისას ასევე შეეხო ყოფილი ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნას. როგორც მალაღურაძემ აღნიშნა, ქუმსიშვილი ბრწყინვალე პროფესიონალია, რომელიც გლობალურად უდგებოდა საკითხების გადაწყვეტას.
"ეკონომიკურ საკითხებში ბრწყინვალე პროფესიონალია და გლობალურად უდგებოდა საკითხების გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით დიდი ნაბიჯები იქნა გადადგმული. ერთ დღეში არაფერი მიიღწევა", - განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.