პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
დეპუტატებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი იმ არგუმენტებს აცნობს, რომლის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ცალკე სსიპ-ის - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პლენარულ სხდომაზე გიორგი აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება - ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს არ ექნება სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საფინანსო სექტორზე რაიმე ფორმით ზედამხედველობა განახორციელოს.
გარდა ამისა, როგორც სხდომაზე ითქვა, სახელმწიფო ინსტიტუტების, მით უფრო, კონსტიტუციური ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება დემოკრატიული სისტემის ფორმირების წინაპირობაა, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და თავად ასოცირების დღის წესრიგი.