ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ აბაშიძისთვის გაუგებარია, თუ რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა.
როგორც აბაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დროში დაკარგულად გრძნობდა თავს, როცა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადება წაიკითხა. დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუღებელია, არჩევნების მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით 2016 წლის შემდგომ ჩატარება.
"მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო რეფორმას, თუკი ახალი საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება. ეს ქვეყნის სწორ განვითარებას სჭირდება, რადგან ასეთი რეფორმით მივიღებთ რეალურ პარლამენტს და ღირსეულ მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს", - განაცხადა აბაშიძემ პარლამენტის სხდომაზე.