პეტრე ცისკარიშვილი ხელისუფლებას მოსახლეობის გაღარიბებაში ადანაშაულებს

პეტრე ცისკარიშვილი ხელისუფლებას მოსახლეობის გაღარიბებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ხელისუფლებას მოსახლეობის გაღარიბებაში ადანაშაულებს.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველ 7 თვეში ეკონომიკური ზრდა 2,6% იყო.

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველ 7 თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 2,6%, ეს მაშინ როცა შუა ზაფხულია და ტურისტული სეზონია, წესით უკეთესობა უნდა იყოს ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შედის ღრმა და რთულ ეკონომიკურ კრიზისში. რას ნიშნავს 2,6%, მაშინ როდესაც წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება 2%-იანი ზრდა, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი 5 თვე ჩვენ უნდა გვქონდეს 2%-ზე ნაკლები დაახლოებით 1,5%. 2%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ 50 წლის შემდეგ საქართველო იქნება იმ კეთილდღეობის ქვეყანა, როგორიც დღეს არის თურქეთი, რა თქმა უნდა ყველა სხვა ქვეყანა განვითარდება, წინ წავა და ჩვენ ისევ ისე მაჩანჩალებად დავრჩებით, ამ ტემპებით ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველო დაეწევა თურქეთს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან რთული ვითარებაა ლარის კურსთან დაკავშირებით.

"ძალიან სერიოზული და მტკივნეული რყევებია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ბიზნესისთვის და ხალხისთვის, ვისაც კრედიტი აქვს აღებული დოლარში. ჩვენ მილიარდი დოლარით გავღარიბდით. სინამდვილეში ყველაფერი კიდევ უფრო უარესად არის. ეს კრიზისი, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა, არის შეუქცევადი. ქვეყანაში კიდევ უფრო ნაკლები ინვესტიცია შემოვა. თქვენ იძულებულები იქნებით ბიუჯეტიდან დააფინანსოთ მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის ყურძნის ფასებია დაბალი, მოგიწევთ სუბსიდირება, ასევე ჯანდაცვის ბიუჯეტში არის გარღვევა და მოგიწევთ დეფიციტური ხარჯვა. ასე რომ, ლარზე ზეწოლა ჯერ კიდევ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხალხი მილიარდი დოლარით გააღარიბეთ და დაუქვეითეთ მსყიდველუნარიანობა. ამ ფონზე რას აკეთებს "ქართული ოცნება"? - ამკაცრებს ბაკებზე ზედამხედველობას პოლიტიკური წრეების მხრიდან, ეს კიდევ თავის მხრივ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს, ეს ბანკებს ძირს გამოუთხრის", - განაცხადა ცისკარიშვილმა.