ევროკავშირში საქართველოს ელჩის ნატალია საბანაძის განცხადებით, დეოკუპაციის თემა ევროკავშირში ძალიან აქტიურად დგას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ მიმართულებით ოპონენტების კრიტიკას, რომ ევროკავშირში დეოკუპაციის თემა სათანადო სიმაღლეზე არ დგას, ვერ მიიღებს.
"კრიტიკას ვერ მივიღებდი ჩემი მიმართულებით, რადგან დეოკუპაციის თემა ევროკავშირში ძალიან აქტიურად დგას. ჩვენ, ჩვენს კოლეგებთან ყოველსაათობრივ კავშირზე ვართ. ასევე, ევროკავშირს აქვს სადამკვირვებლო მისია, რომელიც მათ ინფორმაციას აწვდის, ევროკავშირი კი რეაგირებას ახდენს. ჩვენ ვთვლით, რომ ბოლო მოვლენების მიმართ რეაგირება ძალიან ადეკვატური იყო. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა დგას", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ელჩის განმარტებით, ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს და საბოლოოდ უნდა შეფასდეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
"თუ ეს შეფასება დადებითი იქნება, ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიეცეს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან რთული კონტექსტი, მიგრაციის კრიზისი, რამაც ევროკავშირი რთული გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ ფონზე, ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღებია, ამიტომ, შესაძლოა რაღაც ფაქტორი იყოს, რაც ჩვენგან დამოუკიდებელია და რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი",- განაცხადა ნატალია საბანაძემ.
ევროკავშირში საქართველოს ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნაც შეაფასა. ნატალია საბანაძის თქმით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული იყო. საბანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ჩემი მოლოდინია, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ცვლილებები არ იქნება, პირიქით, დინამიკა გაიზრდება და არსებული კავშირები გაღრმავდება. ველი, რომ მისი წინა მოღვაწეობიდან გამომდინარე, ეკონომიკურ დიპლომატიას მეტი ყურადღება დაეთმობა", - აღნიშნა ელჩმა.