დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები კანადის, ბუტანის, იორდანიისა და ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კანადის სენატის სპიკერთან ლეო ჰაუსაკოსთან, იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ატელ ალტარანეჰთან, ბუტანის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ჯიგმე ზანგპოსთან, ბელგიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ზიგფრიდ ბრაკთან და სენატის სპიკერთან, ქრისტინა დერაგთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ილკა კანერვასთან.

კანადის სენატის სპიკერთან ლეო ჰაუსაკოსთან შეხვედრისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კანადა საქართველოს ერთგული მეგობარია, რომლის მხარდაჭერასაც ქართველი ხალხი ყოველთვის გრძნობს და აფასებს. თავის მხრივ, ლეო ჰაუსაკომ ხაზი გაუსვა კანადის პრინციპულ პოზიციას საქართველს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ამასთან, მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო კავშირების გამყარების აუცილებლობას და საქართველოსა და კანადის პარლამენტებში არსებულ მეგობრობის ჯგუფებს და მათ მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრობის ჯგუფებს განსაკუთრებული როლი აკისრია საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების მხრივ. კანადის სენატის სპიკერის თქმით, "საპარლამენტო დიპლომატიას მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განვითარება შეუძლია." შეხვედრის დასასრულს, საქართველოსა და კანადის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ერთმანეთი ოფიციალური ვიზიტით მიიწვიეს.

საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე იყო საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იორდანიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ატელ ალტარანეჰის ორმხრივ შეხვედრაზეც. მხარეებმა არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე განვითარების სურვილი გამოთქვეს და ერთმანეთი თავთავიანთ ქვეყნებში მიიწვიეს. იორდანიის სპიკერმა აღნიშნა, რომ მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21 სექტებერს საქართველოს იორდანიის დელეგაცია ეწვევა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მსგავსების საკითხს, რაც საქართველოსა და იორდანიის შესაბამის რეგიონებში შემაკავშირებელ ფუნქციას უკავშირდება. ამასთან, აღინიშნა მსგავსების თაობაზე ორი ქვეყნის პრინციპებისა და ღირებულებების თვალსაზრისითაც.

დავით უსუფაშვილის თქმით, "მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს სარგებელი მოვუტანოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების, არამედ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატშიც". შეხვედრის დასასრულს, დავით უსუფაშვილმა იორდანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ბუტანის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ჯიგმე ზანგპოსთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბუტანის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ.

"ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის პირველი მაღალი რანგის შეხვედრა, რაც, ვიმედოვნებთ, რომ საფუძველს ჩაუყრის ბუტანთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გაეროში საქართველოსა და ბუტანის წარმომადგენლობებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ სწორედ ამ ტიპის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ პარლამენტის სპიკერების მსოფლიო კონფერენცია წარმოადგენს საპარლამენტთაშორისო დიალოგის სწორედ იმ პლატფორმას, რაც ხელს უწყობს მსოფლიო პარლამენტებს შორის საქმიანი და მეგობრული კავშირების დამყარებასა და შემდგომ საერთო თემების ეფექტურად განხილვას. ორი ქვეყნის საპარლამენტო ლიდერმა, ასევე იმოიხილეს საქართველოსა და ბუტანში არსებული ვითარება. ჯიგმე ზანგპოსის თქმით, ქვეყნებს აერთიანებს ჰიდროელექტრო რესურსების წარმოების დიდი პოტენციალი, რაც როგორც საქართველოს, ისე ბუტანის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ბელგიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ზიგფრიდ ბრაკთან და სენატის სპიკერთან, ქრისტინა დერაგთან ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბელგიელ კოლეგებს რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. "საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალტერნატივა არ აქვს და ამიტომაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ინტენსიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ილკა კანერვას შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი თემა საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა იყო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხები.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო უმასპინძლებს ასეთი მაღალი დონის საპარლამენტო ფორუმს. კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი სამუშაობის მიმდინარეობით და პროგრესით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ილკა კანერვამ დავით უსუფაშვილთან საუბრისას.

2 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით სესიებში მიიღებს მონაწილეობას, რომლის დროსაც დაგეგმილია დეკლარაციის – "დემოკრატია მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის: ხალხისთვის სასურველი მსოფლიოს შენება" მიღება.

კონფერენციის პარალელურად, დავით უსუფაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ან ბრასერთან და გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან ჰელენ კლარკთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამუშაო ვიზიტი ნიუ იორკში 3 სექტემბერს დასრულდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის ავრცელებს.