"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი"

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას.

როგორც კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2015"-ზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანა, დიდი აბრეშუმის გზის პროექტის წარმატებით ამოქმედებაა.

"არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ვიტყვი - ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანაა, როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, დიდი აბრეშუმის გზის პროექტის წარმატებით ამოქმედება. მოგეხსენებათ ოქტომბერში ვმასპინძლობთ მაღალი დონის დიალოგს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში. პრიორიტეტული მიმართულება იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და რეგიონულ, ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის გაზრდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების წარმატებული ფუნქციონირება, მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის როლს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე. 

"გავაკეთებთ ყველაფერს რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართვეოლოს ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ამ საქმეში მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენი დიდი ტრადიციების მქონე კულტურას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.